Thumbnail

ესპანეთთან შოკისმომგვრელი 1:7-ის დავიწყება ძალიან ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელია - მით უმეტეს სულ რაღაც 4 დღეში.

სწორედ ამდენი გავიდა იმ ცივი შხაპიდან, ეროვნულმა გუნდმა პარასკევს რომ მიიღო ისტორიული ანტირეკორდის სახით. ცხადია, რომ ვილი სანიოლი და ქართველი ფეხბურთელები იმ კოშმარს თავიდან მარტივად ვერ ამოიგდებენ და ოსლოში, ერლინგ ჰაალანდის ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას იმ 1:7-ს თავისი წილი გავლენა ექნება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებისგან რეაქციას ველოდებით, რაც პირველ რიგში დაცვაში მინიმუმ სწორი და მაქსიმუმ კარგი თამაშით უნდა გამოიხატოს. ესეც რთულია, რადგან მეტოქეს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდი ჰყავს.

მოკლედ, ოსლოში დაგეგმილი მატჩი საქართველოსთვის ისედაც ძალიან რთული მისია იყო, ესპანეთთან 1:7-მა კი თავდაჯერებას და ოპტიმიზმსაც გაუჩინა ბზარები. ამ მატჩის წინ ნორვეგიასაც 4 ქულა აქვს და საქართველოსაც, სატურნირო ცხრილის მიხედვით ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია - ოღონდ საქართველოს ბურთების შეფარდება -7 აქვს, ნორვეგიას კი -2.

სანიოლს ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. ამავდროულად, თვითონ ფრანგის განწყობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ესპანური შოკიდან ერთად უნდა გამოვიდნენ.

საქართველოს ნაკრებს საკადრო პრობლემები არ აქვს, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ესპანეთთან ერთი უცნაურობა მოხდა: სანიოლმა გუნდი 4-მცველიან ტაქტიკაში 2 ცენტრალური მცველით ათამაშა. ეს მაშინ, როცა თითქმის 2 წელი 5-მცველიან სქემას (3 ცენტრალური მცველით) იყენებდა - განურჩევლად მეტოქისა. ამიტომაც, ახლა რთული სათქმელია, რას აირჩევს ნორვეგიასთან, მაგრამ თუ ესპანეთის მატჩს და ჰაალანდის ფაქტორს გავითვალისწინებთ, ალბათ, ისევ 5 მცველს დაუბრუნდება. ჰაალანდის შეჩერების რეცეპტი ჯერ ვერცერთმა მწვრთნელმა მოიფიქრა და ეს სანიოლისთვისაც ურთულესი ამოცანაა. ერთ-ერთი შანსი შესაძლოა მის წინააღმდეგ რაოდენობრივი უპირატესობის შექმნა და კომპაქტურად მოქმედება იყოს, 2 ცენტრალური მცველით კი ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.

ხვიჩას ნაკრებშიც ხანგრძლივი უგოლო სერია აქვს: ბოლოს მან გასული წლის 26 სექტემბერს, გიბრალტარს გაუტანა

კარგი ისაა, რომ ნორვეგიას არ ეყოლება ალექსანდერ სიორლოთი, რომელმაც ბათუმში ამ გუნდების პირველ მატჩში გოლი გაიტანა (მაშინ ჰაალანდი არ იყო). ცხადია, ნორვეგია ვილიარეალის ფორვარდთან ერთად უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე. სამაგიეროდ, ნორვეგიას ახალი ტალანტი ჰყავს - ანტონიო ნუსა, რომელმაც იორდანიასთან სამი დღის წინ სადებიუტო გოლიც გაიტანა. 18 წლის ფეხბურთელს მადრიდის რეალს და იუვენტუსს უკვე უკავშირებენ, ნორვეგიული მედია კი სოლბაკენს მოუწოდებს, რომ ის აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში დააყენოს.

საქართველო ესპანეთთან სანამ განადგურდებოდა, ერთი დღით ადრე ნორვეგიამ იორდანია გაანადგურა - 6:0. ცხადია, იორდანია არაფრის საზომი არ არის, მაგრამ სოლბაკენის გუნდმა კარგი განწყობა ნამდვილად შეიქმნა, თან ივარჯიშა და ძალებიც დაზოგა. მაგალითად, ჰაალანდს საერთოდ არ უთამაშია.

სატურნირო თვალსაზრისით, ეს ორივე გუნდისთვის ბოლო შანსია, თუ ესეც გადაჭარბებული არ არის. საქმე ისაა, რომ შოტლანდიის ნაკრები ამ ჯგუფიდან ფაქტობრივად უკვე გასულია. დარჩენილია ერთი საგზური, რომლის მოპოვების საუკეთესო შანსი ესპანეთს აქვს.

ჟორჟმა ნორვეგიას ბათუმში გაუტანა

ეს გუნდები მიმდინარე შესარჩევ ციკლში 28 მარტს უკვე შეხვდნენ. ბათუმში პირველი ტაიმი სიორლოთის გოლით ნორვეგიელებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მას გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა (1:1).

საინტერესო ფაქტები

🟠 საქართველოს ნაკრები ნორვეგიას 4-ჯერ შეხვდა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 წაგება (1996 წელს 0:1, 1999 წელს 1:4 და 0:1) და ერთადერთი ფრე (წელს, 28 მარტს - 1:1).

🟠 საქართველოს ნაკრებმა 275 მატჩი ითამაშა: 87 გამარჯვება, 58 ფრე, 130 მარცხი. ბურთების შეფარდება: 322:389

 🟠 საქართველოს ნაკრებს კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 4 მოგება აქვს (3 ფრე, 7 წაგება).

2021 წლის ოქტომბრიდან ვილი სანიოლის გუნდმა 17 თამაში ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა (11 მოგება, 3 ფრე) ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან (0:3), შოტლანდიასთან (0:2) და ესპანეთთან (1:7).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 23 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, რითაც გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულშია. თუ კვარა გოლს გაიტანს, ჯაბა კანკავას გადაასწრებს და მე-8 ადგილზე ერთპიროვნულად გადავა.

🟠 ხვიჩა კვარაცხელია და ლეო ოსტიგორი ნაპოლიში თანაგუნდელები არიან.

🟠 ნორვეგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტოლე სოლბაკენს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 1999 წელს ორი მატჩი აქვს ჩატარებული, თბილისურ შეხვედრაში კი (1:4), ის ნორვეგიელთა კაპიტანიც იყო. მან ნორვეგიის ნაკრებში მთლიანობაში 1994-2000 წლებში 58 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

🟠 ნორვეგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ, 2000 წელს გავიდა. საინტერესოა, რომ მაშინ შესარჩევ ციკლში ნორვეგიელთა ერთ-ერთი მეტოქე საქართველო იყო. მას შემდეგ მათ დიდ ტურნირზე არც უთამაშიათ.

🟠 ნორვეგიას ბოლო ორი თამაში მოგებული აქვს, საქართველოს - წაგებული.

🟠 სოლბაკენის გუნდმა საკუთარ მოედანზე ბოლო ორი თამაში მოიგო, მაგრამ მანამდე ზედიზედ 3 შეხვედრაში ვერ ახერხებდა შინ მოგებას (1 ფრე, 2 წაგება).

🟠 საქართველოს ნაკრებს ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი წაგება აქვს (შოტლანდიასთან). დანარჩენი 7 თამაშიდან 6 მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა.

🟠 ნორვეგიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ოთხ დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ოთხიდან 2 მატჩი 1:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - რიერსონი, სტრანდბერგი, ოსტიგორი, მელინგი - ოდეგორი, ბერგი, აურსნესი - სოლბაკენი, ჰაალანდი, ნუსა.

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - საზონოვი, კაშია, დვალი - გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები