Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 მატჩს ოსლოში, ნორვეგიასთან ჩაატარებს.მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც მოახლოებულ თამაშზე, ისე გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ესპანეთთან უმძიმეს მარცხზე ილაპარაკა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...ესპანეთთან მატჩის მერე მოლოდინზე: "რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმ თამაშზე საუბარი, რომელიც ესპანეთთან გვქონდა. შედეგთან ერთად, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დავაკელით: აგრესია, სულისკვეთება. შედეგებს პატარ-პატარა დეტალების ერთობლიობა განაპირობებს. როცა ასე თამაშობ, რა თქმა უნდა, მობილიზება უნდა მოახდინო მომდევნო მატჩზე. ამ ორ დღეში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებისგან ნორვეგიასთან სულ სხვანაირ სურათს იხილავთ".

...ბოლო პერიოდში გუნდის ცუდი თამაშის ხარისხზე: "ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნორვეგიასთან პირველ მატჩში ცუდი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი განსხვავებული იყო, გუნდმა კარგად აჩვენა თავისი შესაძლებლობები. კვიპროსთან ორივე ტაიმი თანაბრად შეგვიძლია შევაფასოთ, შოტლანდიასთან კონდიციებიდან გამომდინარე, მძიმე თამაში გამოვიდა, ხოლო ესპანეთზე ვისაუბრეთ და ყველამ იცის, როგორი ვითარება იყო. ჩვენ თუ დავიბრუნებთ იმ ღირებულებებს, რომელსაც გუნდი აჩვენებდა გასული წლის განმავლობაში, გუნდურ სულისკვეთებას, ნორვეგიას სულ სხვა სურათს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, მეც უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, 1:7 ძალიან მტკივნეული იყო არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის გეძლევა შანსი სიტუაციის გამოსწორების და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ამას მომდევნო მატჩში გამოავლენენ. 4 მცველით თამაში არ იყო სწორი არჩევანი და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილებაც გახლდათ, მაგრამ ესპანეთთან გამოჩენილი პრობლემები ვფიქრობ, რომ მომდევნო მატჩებში გამოსწორდება".

...ჯაბა კანკავას დანაკლისსა და შემცვლელზე: "ჯაბა კანკავას ნამდვილად ხანგრძლივი და კარგი საერთაშორისო კარიერა ჰქონდა, ის გამორჩეული იყო ორთაბრძოლებში და ეს განსაკუთრებით დაგვაკლდა, თუმცა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა მოთამაშეებზე, რომლებიც მანამდე წარმატებით თამაშობდნენ ნაკრებში და დღეს აქ არ არიან. კონკრეტული მაღალი კლასის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო, ვფიქრობ, მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდია. ჯაბა კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო ყოველდღიური მონდომებით. ის ბევრი ახალგაზრდისთვის მისაბაძია, ამიტომ არ არის გამორიცხული მსგავსი ფეხბურთელი ჩვენს გუნდში ისევ იყოს".

...ნორვეგიის ნაკრებთან მატჩზე: "მოხარული ვარ, რომ ესპანეთის შემდეგ ნორვეგიას ვხვდებით. რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია, რაშიც 6 თვის წინაც დავრწმუნდით. თუმცა, სასიამოვნოა ასეთ გუნდთან თამაში, რადგან რაც ესპანეთთან ვერ ვაჩვენეთ, გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ".

მატჩისწინა პრესკონფერენცია ოსლოში

პრესკონფერენციაზე სანიოლთან ერთად იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი:

ოთარ კიტეიშვილი: "რა თქმა უნდა, განსხვავებული სიტუაციაა. ბათუმში შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში იყო, შინ ვთამაშობდით და განსხვავებული იყო მოტივაციაც. ახლა ნორვეგია თამაშობს საკუთარ კედლებში და ჩვენ სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დასაფიქრებელი მარცხი განვიცადეთ, ამის შემდეგ აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება, წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ჩვენი მხრიდან საუკეთესო თამაში ვითამაშოთ ამ შესარჩევ ციკლში.
მთელი გუნდი საკუთარ თავზე ვიყავით ნაწყენი და გაბრაზებული, რადგან ასეთი რამ არ უნდა დაგვმართოდა, მაგრამ ეს წაგება ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედავთ. სწორედ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორ წარმოვაჩენთ თავს ასეთი მარცხის მერე, მით უფრო, რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, ხვალ განსხვავებული საქართველოს ნაკრები იქნება და განსხვავებულ ხასიათს გამოავლენს. იმედი მაქვს, ჩვენს გუნდში ღიმილიც დაბრუნდება ამ მატჩის შემდეგ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები