Thumbnail

'მათ მე ვჭირდები' - ფელიქს მაგათს გერმანიის ნაკრების მწვრთნელობა სურს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ფელიქს მაგათმა გერმანიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა
  • 70 წლის სპეციალისტის აზრით, გუნდს სწორედ ის სჭირდება

70 წლის ფელიქს მაგათი თვლის, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაფერისი კანდიდატი სწორედ ის არის. პოზიცია ამჟამად ვაკანტურია - საფეხბურთო კავშირმა ჰანსი ფლიკი იაპონიასთან 1:4 წაგების შემდეგ დაითხოვა.

სხვადასხვა გერმანული გამოცემა წერს, რომ ბუნდესნაკრების დამრიგებლად დანიშვნის ყველაზე დიდი შანსი იულიან ნაგელსმანს აქვს - 36 წლის სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნიდან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.

ფელიქს მაგათის აზრით, ახლა გერმანიის გუნდს თავისი მსგავსი მწვრთნელი ესაჭიროება.

"არ ვიცი რა მოთხოვნები აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცალსახაა, ახლა ისეთი ვიღაც გვჭირდება, რომელსაც სასწრაფოდ შეუძლია რწმენადაკარგული ნაკრების შეკრა და გუნდის ჩვეულ დონეზე დაბრუნება. მიმაჩნია, რომ არათავდაჯერებული გუნდების ჩაბარება და ფეხბურთელებში თვითრწმენის გაძლიერება შემიძლია. ჩემს ხელში კარგად ათამაშებულა ბუნდესლიგის ცხრილის ქვედა და ზედა ნაწილში მყოფი გუნდები. ვფიქრობ, გერმანიის ნაკრებს მე ვჭირდები," - განაცხადა მაგათმა.

70 წლის ფელიქს მაგათს ნაკრებში არასდროს უმუშავია. გერმანელმა სპეციალისტმა ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო - ორჯერ ბაიერნთან და ერთხელ ვოლფსბურგთან ერთად. ბოლო 6 წლის მანძილზე მხოლოდ 2022 წელს მუშაობდა და ბერლინის ჰერტა უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნას გადაარჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები