Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ, ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა უკლუბოდაა დარჩენილი. როგორც ესპანური გამოცემა TDFichajes იუწყება, 32 წლის კიპერმა, შესაძლოა, ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილი შეცვალოს, რომლის გაყიდვასაც "ღამურები" იანვარში გეგმავენ.

ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გუშინ ვწერდით, რომ Meriton Group, რომელიც ვალენსიის მმართველი ორგანიზაციაა, ზამთარში მამარდაშვილის ტრანსფერზე დაყენებას გეგმავს. კომპანიის მიზანი მოგების მაქსიმალური ზრდა არის, შესაბამისად, უგუნდოდ დარჩენილი დე ხეას დამატება მათ ინტერესებში შედის, რადგან ამ შემთხვევაში დანახარჯი მინიმალური იქნება.

თუ ვალენსია მამარდაშვილის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ ესპანელ მეკარეს სხვა ვარიანტის მოძებნა მოუწევს. აქამდე მას არაერთ გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც TDFichajes წერს, მეორე ვარიანტად დე ხეა რომაში გადასვლას განიხილავს.

რაც შეეხება მამარდაშვილს, მისი დამატება ზაფხულში არაერთ გუნდს სურდა. საუბარი იყო ესპანეთის ლა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებზე, ასევე ინტერსა და მიუნხენის ბაიერნზეც. გიორგის მიმდინარე სეზონში ვალენსიის შემადგენლობაში 4 თამაში აქვს ჩატარებული. როგორც უკვე ცნობილია, "ღამურები" მას მინიმუმ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები