- საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს
- ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის პირველი ფაზა იწყება
- სად და როგორ იქნება შესაძლებელი ბილეთების შეძენა
ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვის პროცესის პირველი ეტაპი სტარტს დღეს, 3 ოქტომბერს აიღებს. მართალია, არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ჩვენი ეროვნული გუნდი ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ვფიქრობთ, ბილეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია მაინც ყველასათვის საინტერესოა.
სანამ დეტალებზე გადავალთ: ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან საქართველოს ნაკრების შანსი მცირე, თამამად შეიძლება ითქვას, მხოლოდ თეორიულია. სამაგიეროდ, ეროვნულ გუნდს კარგი შანსი აქვს ერთა ლიგიდან მოპოვებულ პლეი ოფში, რომლის თამაშები მარტში გაიმართება. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველომ ნახევარფინალში ყაზახეთს უნდა უმასპინძლოს, ფინალში კი საბერძნეთსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.
მაგრამ ყაზახეთს ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლის ჯერ კიდევ კარგი შანსი აქვს და თუ გავა, მაშინ საქართველოს ნაკრები იმ პლეი ოფის ნახევარფინალში, სავარაუდოდ ლუქსემბურგს უმასპინძლებს. იგივე ეხებათ თურქეთს და საბერძნეთსაც - თუ ეს ნაკრებები ჩვეულებრივი შესარჩევიდან გავლენ, მარტის პლეი ოფში მათ ერთა ლიგის C დივიზიონის მომდევნო საუკეთესო გუნდები ჩაანაცვლებენ (ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი...).
რაც შეეხება ევრო 2024-ის ბილეთებს
მოკლედ, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს და საინტერესოა, როგორ გაიყიდება ბილეთები. პასუხები ამ დროისთვის გონივრულ კითხვებზე:
სად გაიმართება მატჩები?
🟠 მიუნხენში, ბერლინში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, კიოლნში, ლაიპციგსა და შტუტგარტში.
რომელ საათზე დაიწყება მატჩები?
🟠 ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი. თამაშების დაწყების დროები გერმანიის დროით: 15:00, 18:00 და 21:00.
სად ითამაშებს მასპინძელი გერმანია?
🟠 წილისყრამდე მხოლოდ ის ვიცით, რომ მასპინძელი გერმანიის ნაკრები A ჯგუფში მოხვდება. ბუნდესგუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩები მიუნხენში, შტუტგარტსა და ფრანკფურტში ჩატარდება. თუ გერმანია ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, მომდევნო მატჩს დორტმუნდში ჩაატარებს, ხოლო თუ მეორე ადგილით, მაშინ ბერლინში ითამაშებს.
როდის იწყება ბილეთების გაყიდვა?
🟠 3 ოქტომბერს (გერმანიის ერთიანობის დღეს) დაიწყება ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი, რომელიც გაგრძელდება 26 ოქტომბრამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ონლაინ, ვებგვერდზე euro2024.com/tickets. სამართლიანი პროცესისთვის ბილეთების ყიდვის უფლება ლატარიის პრინციპით განაწილდება - ვინც ამ უფლებას მოიპოვებს, შეტყობინებას მიიღებს. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. მყიდველი მხოლოდ ელექტრონულ ბილეთს მიიღებს.
რა მოხდება, თუ ვერ ვიყიდე?
🟠 მსურველებს 3 ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ, ბილეთის ყიდვის იმედი ჰქონდეთ. მაგალითად, ისეთი ბილეთების, რომელთა სანაცვლოდ უფლების მქონე ადამიანები თანხას დროულად არ გადაიხდიან, ან ყიდვას გადაიფიქრებენ.
🟠 გარდა ამისა, წილისყრის დღის (2 დეკემბერი) შემდეგ, ბილეთების გაყიდვის მეორე ეტაპი დაიწყება. პლუს, 4 დეკემბრიდან ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები დამატებით კვოტებს მიიღებენ. ასეთი ბილეთები შესაბამისი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა, ან ოფიციალურმა ფან-კლუბებმა უნდა გაყიდონ.
🟠 საინტერესოა, რომ მარტიდან ან აპრილიდან უეფა გულშემატკივრებს ბილეთების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს. შეიქმნება პლატფორმა, სადაც ფანებს შეძენილი ბილეთების გაცვლა შეეძლებათ. ეს პროცესი იმისთვისაა საჭირო, რომ იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთების შეძენისას არ ეცოდინებათ, რომელ თამაშზე მოხვდებიან, შეეძლოთ გადაცვლა.
🟠 ასევე, უშუალოდ ტურნირის დაწყების წინ, თუკი სტადიონებზე თავისუფალი ადგილები დარჩენილი იქნება, გულშემატკივრებს კიდევ ექნებათ ბოლო შანსი, ბილეთები შეიძინონ.
იქნება თუ არა ბილეთების პაკეტები?
🟠 დიახ, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პაკეტის ყიდვა. მაგალითად: ერთი ქალაქის ყველა თამაში, ფინალური სერიები (ნახევარფინალი და ფინალი), Follow my team სერია (ერთი გუნდის ყველა თამაში ჯგუფში), Single Match (ერთი კონკრეტული მატჩი).
სულ რამდენი ბილეთი გაიყიდება?
🟠 საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 51 მატჩი გაიმართება და 2,7 მილიონი ბილეთია გასაყიდი. ბილეთების გაყიდვის პირველ ეტაპზე (3 ოქტომბრიდან) 1,2 მილიონი ბილეთი გამოვა გასაყიდად.
🟠 შშმ პირებისთვის ჯამში 42 000 ბილეთია გამოყოფილი. მათი მხლებლები სტადიონზე უფასოდ შევლენ.
🟠 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ქვეყნის ფედერაცია ჯამში 1 მილიონ ბილეთს მიიღებს.
🟠 დარჩენილი 500 000 ბილეთი მოიცავს VIP-ბილეთებს, სპონსორების ბილეთებს, პარტნიორების და ასევე ფედერაციების ბილეთებს.
რა ეღირება ყველაზე იაფი ბილეთი?
🟠 ყველაზე იაფი კატეგორიაა ე.წ. “Fans-First” (კარის უკან) და მათი ფასი ჯგუფურ ეტაპზე 30 ევროდან იწყება. არის კიდევ სამი კატეგორია, რომელთა ბილეთების ფასები ჯგუფურ ეტაპზე 60, 150 და 200 ევროა. აღსანიშნავია, რომ ფასები ყველა სტადიონზე ერთნაირია. ბილეთები მხოლოდ დასაჯდომ ადგილებზე გაიყიდება (როგორც იცით, გერმანიის სტადიონებზე დასადგომი ადგილებიც არსებობს).
ბილეთების ფასები დეტალურად
Fans First ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 30 ევრო, გახსნის მატჩი - 50 ევრო, მერვედფინალი - 50 ევრო, მეოთხედფინალი - 60 ევრო, ნახევარფინალი - 80 ევრო, ფინალი - 95 ევრო.
მესამე კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 60 ევრო, გახსნის მატჩი - 195 ევრო, მერვედფინალი - 85 ევრო, მეოთხედფინალი - 100 ევრო, ნახევარფინალი - 195 ევრო, ფინალი - 300 ევრო.
მეორე კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 150 ევრო, გახსნის მატჩი - 400 ევრო, მერვედფინალი - 175 ევრო, მეოთხედფინალი - 200 ევრო, ნახევარფინალი - 400 ევრო, ფინალი - 600 ევრო.
პირველი კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 200 ევრო, გახსნის მატჩი - 600 ევრო, მერვედფინალი - 250 ევრო, მეოთხედფინალი - 300 ევრო, ნახევარფინალი - 600 ევრო, ფინალი - 1000 ევრო.
პრემიუმ კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 400 ევრო, გახსნის მატჩი - 900 ევრო, მერვედფინალი - 500 ევრო, მეოთხედფინალი - 700 ევრო, ნახევარფინალი - 900 ევრო, ფინალი - 2000 ევრო.
საინტერესოა, რომ უეფამ შეცვალა პოლიტიკა ევროპის წინა ჩემპიონატთან შედარებით. 2021 წელს ყველაზე იაფი, ე.წ. Fans-First-ბილეთები მხოლოდ მეოთხედფინალამდე იყიდებოდა. იმ ტურნირზე ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 295 ევრო ღირდა, ახლა კი პირველ ეტაპზე მხოლოდ 95 ევრო ეღირება.
რა შედის ბილეთში?
🟠 ბილეთის მფლობელს შეუძლია, კონკრეტულ თამაშზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მივიდეს/წამოვიდეს - თამაშის გარშემო 36 საათის განმავლობაში. ბილეთის მფლობელს ასევე ფასდაკლება ექნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც - მაგალითად, სწრაფმავალი მატარებლის, ICE-ს ბილეთებს (მეორე კლასი) 30 ევროზე იაფად შეიძენს.
კომენტარები