Thumbnail

“ჩოგბურთი არის ძალადობრივი მოქმედებების შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც სრული სიმშვიდის ფონზე მიმდინარეობს”,- ეს სიტყვები ლეგენდარულ ჩოგბურთელს, ბილი ჯინ კინგს ეკუთვნის. თანამედროვე ჩოგბურთს ჰყავს პერსონაჟი, რომელიც მიზანმიმართულად ყველას ანადგურებს, ვინც წინ გადაეღობება, თანაც ამას ფიზიკური ძალადობის გარეშე აკეთებს. 


ნოვაკ ჯოკოვიჩი - უდიდესი პერსონა, რომელმაც კარიერაში დიდი სლემის 24-ე ტურნირი მოიგო. შეუძლებელია, მის თამაშს უყურებდე და პატივისცემით არ განეწყო. იგი ხომ პროფესიონალიზმის, თავდადებისა და შეუპოვრობის სიმბოლოა. უყურებ და თითქოს ისევ ისეთია, როგორიც 15 წლის წინათ იყო. ნოლემ აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მორიგი ტრიუმფალური მატჩი ჩაატარა და მაყურებლებს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა.

US OPEN-ის წინ ყველაზე დიდი ინტრიგა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კარლოს ალკარასის მორიგი დაპირისპირების მოლოდინი იყო. ჩოგბურთელები ამასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ესპანელმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო, შესაბამისად, ჯოკოვიჩისა და დანიილ მედვედევის ფინალი მივიღეთ - საინტერესო და პრინციპული დუელი. ნოლემ 2 წლის წინ, ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში სწორედ მედვედევთან წააგო. თანაც, სერბს ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეეძლო - წლის განმავლობაში ოთხივე დიდი სლემის მოგება. მაშინ ნოლემ წაგების შემდეგ იტირა, განიცადა და რუსის მიმართ ძალიან დიდი სპორტული ბრაზი გაუჩნდა. ეს მატჩი პრინციპის საკითხი იყო, ჯოკოს რევანშის შანსი ჰქონდა. 

არტურ ეშის სახელობის სტადიონი, ელიტური პუბლიკა, ბრწყინვალე სათამაშო ატმოსფერო და მორიგი დიდი სლემის ფინალი - საქმეში ჩოგბურთის სუპერგმირი ერთვება, სრულყოფილი ათლეტი, რომელიც თანამედროვე სპორტს დაუვიწყარ წუთებს ჩუქნის. ფინალის პირველი სეტი მთლიანად უკანა ხაზში თამაშს დაეთმო. ორივე ჩოგბურთელს ამ კომპონენტში თამაში ძალიან უყვარს, განსაკუთრებით - მედვედევს, რომლის მთავარი იარაღი სწორედ უკანა ხაზიდან თამაშია. ჯოკოვიჩი დანიილს თავისსავე სტილში დაუპირისიპირდა, ეს იყო ძალიან პრინციპული პირველი სეტი, სერბმა მეტოქეს თავიდანვე აგრძნობინა, რომ უპირატესობა არაფერში ექნებოდა. დასვენებულმა და ენერგიულმა ჯოკოვიჩმა სეტი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ერთი ბრეიკით მოიგო - 6:3. 

აი, მეორე სეტში დაიწყო ის თამაში, რომელზეც, ალბათ, ცალკე ფილმის გადაღება შეიძლება. ჯოკოვიჩმა მთელი თავისი სიდიადე გამოავლინა, ეს იყო სეტი, რომელიც ქრონოლოგიურად ეხმაურებოდა მის განვლილ კარიერას. მედვედევმა თამაშის რიტმი იგრძნო, იპოვა ბალანსი და უკანა ხაზიდან მთავარი “სქილები” აამუშავა. ჯოკომ სადავეები დაკარგა, უკანა ხაზში უპირატესობას ვეღარ ფლობდა, მეტოქის პრესინგი არ გამოსდიოდა. მედვედევმა ყველაზე საშიში “მოუდი” ჩართო - ჩუმი მკვლელი, რომელიც ბოლომდე თამაშზეა კონცენტრირებული. უჩვეულოა, მაგრამ იგი არც მსაჯს ეკამათებოდა, არც წაგებულ ბურთებზე წუწუნებდა და არც საკუთარ მწვრთნელს ეჩხუბებოდა. 

ნოლე ყველაზე მაგარი ტაქტიკოსია, ვისაც ოდესმე ჩოგბურთი უთამაშია. მომენტუმის დაჭერა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, არასდროს გარბის, გიტევს და გაიძულებს, უკან დაიხიო.

ჯოკოვიჩმა საფრთხე იგრძნო და ტაქტიკის შეცვლა დაიწყო. სერბი მიხვდა, რომ თამაშის ამ სცენარით 24-ე სლემს ვერ მოიგებდა, თანაც ხანგრძლივ გათამაშებებს დიდი ენერგია მიჰქონდა. ნოლემ ტემპი შეცვალა, ასრულებდა დამოკლებულ დარტყმებს, ბადესთან გადიოდა და ხშირად Serve and Volley-ს იყენებდა. ამ დროს მედვედევი უბრალოდ პანიკაში ვარდებოდა, არ იცოდა, მისთვის რა დაეპირისპირებინა. ყველაფერი ტაი ბრეიკამდე მივიდა, იგრძნობოდა, რომ ჩემპიონის ბედი სწორედ ამ სეტში წყდებოდა.

ნოლე ყველაზე მაგარი ტაქტიკოსია, ვისაც ოდესმე ჩოგბურთი უთამაშია. მომენტუმის დაჭერა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, არასდროს გარბის, გიტევს და გაიძულებს, უკან დაიხიო. ურთულესი მეორე სეტი ნოვაკმა თავისი კლასითა და სიდიადით მოიგო, დაღლილმა და ენერგიაგამოცლილმა მეტოქეს არ მისცა იმის საშუალება, რომ თამაშში გარდატეხა შეეტანა. მესამე სეტი უბრალოდ ფორმალობა იყო, ყველამ იცოდა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი 24-ე დიდი სლემის თასს მხრებს ზემოთ ასწევდა. 

მოდით, ჩავუღრმავდეთ იმას, თუ რა ხდის ჯოკოვიჩის თამაშს ასე დიდებულს. მას ადრეულ კარიერაში საუკეთესო ფორჰენდი ნამდვილად არ ჰქონია, რის გამოც მთავარ კონკურენტებთან - როჯერ ფედერერთან და რაფა ნადალთან - დაპირისპირება ძალიან უჭირდა. უფრო მეტიც, არასასურველი შედეგების გამო იგი 2010 წელს ჩოგბურთიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა. მისი ფორჰენდი დროთა განმავლობაში შეიცვალა, განავითარა ტექნიკა და მიდგომა თითოეული ქულისადმი. იგი დარტყმისას მარჯვენა იდაყვს მაღლა და სხეულისგან შორს სწევს, რაც გაცილებით მეტი ძალის გამომუშავებაში ეხმარება. ამავდროულად, ბურთზე უფრო მეტ კონტროლს ამყარებს. მას თანაბრად კარგად შეუძლია როგორც ხაზის გასწვრივ, ასევე დიაგონალზე თამაში, ბურთს ძალიან კარგად ამუშავებს და “ტოპსპინის” დარტყმებს ასრულებს.

მას კორტის სივრცის ათვისება ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია. ფაქტობრივად, უშეცდომოა და კომპაქტურ დარტყმებს ახორციელებს.

ნოლე ბექჰენდის დარტყმის მომზადებას ძალიან ადრე იწყებს, იგი უფრო მეტად იყენებს სხეულის როტაციას, ვიდრე სხვა ვარსკვლავები იყენებდნენ. ნოვაკის ბექჰენდი შეიძლება არ არის განსაკუთრებული სილამაზის და არც ისეთი ელეგანტური, როგორიც ფედერერისა იყო, მაგრამ მისი ეს იარაღი თანამედროვე ჩოგბურთში უბრალოდ საუკეთესოა. მას კორტის სივრცის ათვისება ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია. ფაქტობრივად, უშეცდომოა და კომპაქტურ დარტყმებს ახორციელებს - ზემდეტი ძალისხმევისა და მოძრაობების გარეშე, სერბი ამ კომპონენტში ენერგიას ზოგავს.

ნოვაკს ძალიან კარგი “სლაისის” ტექნიკა აქვს, რომელსაც ძირითადად დაცვაში თამაშის დროს იყენებს, ეს არ არის მისი თამაშის მთავარი იარაღი, თუმცა ნოლე ამ კომპონენტშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და როგორი დაცვა აქვს? უბრალოდ, გაუვალი. როდესაც ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროში გამოჩნდა, მან თავიდანვე სახელი კარგი დაცვითი უნარებით გაითქვა. ალბათ გინახავთ შენელებული კადრები, თუ როგორ იწელება დაცვაში თამაშისას - ძალიან ესთეტიკური სანახავია. 

ჯოკოს “აქილევსის ქუსლი” ყოველთვის “სმეშის” შესრულება იყო. მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ბორის ბეკერმა ამასთან დაკავშირებით 3 წლის წინ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა: “ჯოკოვიჩს TOP 100 მოთამაშეს შორის ყველაზე სუსტი სმეში აქვს” - გერმანელ ლეგენდას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ჯოკოს გამოწვევები უყვარს, მან ამ მიმართულებით იმუშავა და მაღალი ბურთის დამუშავების ტექნიკა ძალიან დახვეწა.

'ჩემს შემთხვევაში გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია'

24-გზის დიდი სლემის მფლობელს უყვარს, როცა მოწინააღმდეგეს უკან ახევინებს - თანმიმდევრული ღრმა დარტყმებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპონენტი კუთხეს ვეღარ ქმნის და კორტის სივრცე ძალიან უმცირდება, ფაქტობრივად, ჯოკოვიჩი მეტოქეს აიძულებს, რომ შეცდომა დაუშვას. იმ შემთხვევებში, თუ კარგი დამცველი მას ბურთებს უბრუნებს, ამ დროს სერბი კორტში შედის და ბადესთან თამაშს იწყებს - აქაც როგორი კომპლექსური და ცივსისხლიანია! 

წლების წინ ნოვაკმა საკუთარი თავი მკაფიოდ და ზუსტად შეაფასა: “ჩემს შემთხვევაში გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია”.

მისი ფიზიკური მონაცემები და მენტალური მდგომარეობა, უბრალოდ, გასაოცარია. მატჩის მიმდინარეობისას მან შეიძლება ჩოგანი გატეხოს, მსაჯს ეკამათოს და მაყურებლის სტადიონიდან გაშვება მოითხოვოს, მაგრამ ეს სათამაშო რიტმიდან არასდროს აგდებს. ეპოქა გრძელდება - ის ჯერ "მხოლოდ" 36 წლისაა.

კომენტარები

ბოლო ამბები