- ქართველი წყალბურთელები ჯგუფში უნგრეთს, იტალიას და საბერძნეთს შეხვდებიან
- 2024 წლის ევროპირველობას 3-16 იანვარს ისრაელის ქალაქი ნეთანია უმასპინძლებს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც გაისად 3-16 იანვარს ისრაელის ქალაქი ნეთანია უმასპინძლებს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ მომავალი ტურნირი ახლებური ფორმატით ჩატარდება. მონაწილე 16 ნაკრები გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა.
საქართველო ხორვატიასთან, უნგრეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთანა და მონტენეგროსთან ერთად I დივიზიონში მოხვდა, II დივიზიონი კი ნიდერლანდებმა, გერმანიამ, სერბეთმა, რუმინეთმა, ისრაელმა მალტამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ დააკომპლექტეს.

ფორმატის თანახმად, დივიზიონების მიხედვით, 8-8 ნაკრები ორ-ორ ჯგუფში გადანაწილდება. I დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალში პირდაპირ გავა, მესამე-მეოთხე ადგილოსნები კი II დივიზიონის ჯგუფების ორ-ორ საუკეთესოს შეხვდებიან და დარჩენილი 4 მეოთხედფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს – მეათეზე, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე კი მე-8 შედეგი აჩვენეს და ეს, გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
A დივიზიონი
A ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო.
B ჯგუფი: უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, საქართველო.
B დივიზიონი
C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა.
D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.
კომენტარები