Thumbnail

2023 წლის "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. 22 წლის ქართველ შემტევს 2022/23 წლების სეზონი უდაოდ ფანტასტიკური ჰქონდა - ყველა ტურნირის 43 მატჩში 14-14 გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 5-ჯერ პენალტი მოიპოვა, ნაპოლის სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, თავად კი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.  

იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არიან "ფრანს ფუტბოლის" ჯილდოზე წარდგენილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, წელს აქ ხვიჩას გამარჯვება მოსალოდნელი არაა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სიაში ლიონელ მესისთან, კილიან მბაპესთან, ერლინგ ჰაალანდსა თუ ქარიმ ბენზემასთან ერთად მოხვდა, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. 

კვარას ნაპოლის სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა

"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობას 30 ოქტომბერს, პარიზში დაგეგმილ ცერემონიალზე გამოაცხადებენ, მანამდე კი გამოცემა Superscommesse-მ დაადგინა, რომ ჯილდოს 30 ნომინანტს შორის ყველაზე დაბალი ხელზე ასაღები წლიური ხელფასი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნაპოლიში წელიწადში 1 200 000 ევროს იღებს, რაც ლამის 200-ჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც საუდის არაბეთის ალ-იტიჰადში გადაბარგებული ქარიმ ბენზემა გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი 200 მილიონით ამ 30-კაციან სიაში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელია. ფრანგის შემდეგ მეორე ადგილს მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი, სათამაშოდ ამერიკულ ინტერ მაიამიში წასული ლიონელ მესი იკავებს, რომელიც წელიწადში 54 000 000 ევროს იღებს. რეიტინგში მესამე პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი კილიან მბაპეა - წლიური 39 600 000 ევროთი.

ოქროს ბურთის ნომინანტები და მათი წლიური ხელფასები
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) 1 200 000 ევრო
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) 2 650 000
ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი) 3 346 513
მარტინ ედეგორი (არსენალი) 3 849 660
ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი) 4 013 475
ემი მარტინესი (ასტონ ვილა) 4 013 475
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) 4 250 000
ნიკოლო ბარელა (ინტერი) 5 000 000
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) 6 000 000
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) 6 000 000
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი) 6 026 063
კიმ მინ-ჯე (ბაიერნი) 6 360 000
ბუკაიო საკა (არსენალი) 6 529 210
იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი) 6 693 025
რანდალ კოლო მუანი (პსჟ) 7 000 000
როდრი (მანჩესტერ სიტი) 7 359 987
ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა) 9 000 000
ჯუდ ბელინგემი (რეალი) 10 000 000
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 10 000 000
ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) 10 000 000
ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი) 10 039 538
ლუკა მოდრიჩი (რეალი) 10 500 000
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 11 712 794
ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) 12 555 273
იასინ ბონო (ალ-ჰილალი) 13 000 000
ჰარი კეინი (ბაიერნი) 13 250 000
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 13 386 050
კილიან მბაპე (პსჟ) 39 600 000
ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) 54 000 000
ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) 200 000 000

2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელს საუდის არაბეთში ზღაპრული ხელფასი შესთავაზეს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულში, დინამო ბათუმიდან გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიურ მედიაში დიდი ხანია იწერება, რომ ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება და მისი ხელფასის გაზრდა იგეგმება, თუმცა კლუბი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

კომენტარები

ბოლო ამბები