- სიმონა ჰალეპი 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, საიდანაც 1 წელი თითქმის გასულია
- 31 წლის რუმინელი ჩოგბურთელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
რუმინელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, სიმონა ჰალეპი დოპინგის მოხმარების გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
2022 წლის ბოლოს სიმონას როქსადუსტატის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა, როდესაც ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობდა. გასული წლის ოქტომბრიდან მას ITIA-მ დროებით შეუზღუდა შეჯიბრებეში მონაწილეობის უფლება.
შესაბამისად, 4-წლიანი დისკვალიფიკაციის ათვლა, სწორედ გასული წლიდან, 7 ოქტომბრიდან იწყება და რუმინელი კორტზე დაბრუნებას 2026 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ მოახერხებს.
ცნობილია, რომ სიმონა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს: "2022 წლის 29 აგვისტომდე სისხლისა და შარდის ანალიზს ვიღებდი - ყველაფერი სუფთა იყო. 2022 წლის მძიმე სეზონის წინ ჩემი სანდო გუნდისა და ფიზიოთერაპევტის რჩევით, შევცვალე ჩემი კვების დანამატები. არც ერთი ინგრედიენტი არ შეიცავდა აკრძალულ ნივთიერებებს. პირველი დადებითი ტესტის შემდეგ 2023 წლის დასაწყისამდე თითქმის ყოველკვირეულად მამოწმებდნენ და ყველა შედეგი უარყოფითი იყო. ამიტომ, გადაწყვეტილებით შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ", - თქვა რუმინელმა.
31 წლის სიმონა ჰალეპი WTA-ს 24 ტიტულს ფლობს, მათ შორის, ორჯერ მან დიდი სლემის შეჯიბრი მოიგო - 2018 წელს საფრანგეთის ღია პირველობა და 2019 წელს უიმბლდონი.
კომენტარები