- იტალიის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და შვებით ამოისუნთქა
- ბელგიას და ავსტრიას დიდი უპირატესობა აქვთ
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა და პირველად მოიგო. “სკუადრა აძურამ” მილანში უკრაინის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ისევ მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული.
ამ გამარჯვებით იტალიამ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა 7 ქულით. ასევე 7-7 ქულა აქვთ უკრაინას და ჩრდილოეთ მაკედონიასაც, მაგრამ იტალიას ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. იტალიელთა მხრიდან ორივე გოლი ინტერის ფეხბურთელმა, დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. “აძური” 29-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა და პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა იარმოლენკომ შეამცირა. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა.

საინტერესოა, რომ სპალეტიმ 4-3-3 სქემას არ უღალატა, ოღონდ წინა ხაზზე ამჯერად ძანიოლო-რასპადორი-ძაკანის ტრიო ჰყავდა გამწესებული. იტალიელებს მომდევნო მატჩიც საკუთარ მოედანზე ექნებათ - ჯგუფის აუტსაიდერ მალტასთან.
ბელგიის ნაკრებმა ესტონეთი 5:0 გაანადგურა და F ჯგუფს 13 ქულით ავსტრიასთან ერთად ლიდერობს, რომელმაც თავის მხრივ შვედეთს მოუგო სტუმრად 3:1. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, რადგან მესამე ადგილზე მყოფი შვედეთი ხსენებულ ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკანდინავიელთა შანსები ამ ჯგუფში უკვე მხოლოდ და მხოლოდ თეორიულია.
H ჯგუფში შვეიცარიამ ანდორა 3:0 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. ისრაელმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და რუმინეთთან ერთად მეორე ადგილისთვის იბრძვის.
კომენტარები