Thumbnail

საქართველოს ნაკრები ოსლოში, ნორვეგიასთან დამარცხდა (1:2), რის შედეგადაც, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს. ისინი აღიარებენ, რომ ძალიან ცუდი მატჩები ჩაატარეს, როგორც ესპანეთთან, ისე ნორვეგიასთან.

გიორგი ქოჩორაშვილი: "მიხარია, რომ შანსი მომეცა და დებიუტი მქონდა, მაგრამ რთული თამაშები გამოვიდა - ჩემთვის, გუნდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ვეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ თამაში და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. უკეთესად შეგვიძლია. ვფიქრობ, საწყისი 20 წუთი კარგად შევასრულეთ, სივრცეებს ვუკეტავდით ოდეგორს და ჰაალანდს, მაგრამ შემდეგ კლასით გოლი გაგვიტანეს და ამის შემდეგ თამაში უფრო გართულდა. ჩემს ოჯახთან ერთად ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა და ნაკრებში ვითამაშებდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ სათამაშოდ ესპანეთის მესამე დივიზიონში წავედი, ვეცადე, რომ მაქსიმუმი გამეღო და ვეცდები, რომ კიდევ გავაგრძელო პროგრესი, რადგან შრომით ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება დღეს არ გამოგივიდა, მაგრამ ხვალ გამოგივა. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ამას ვგრძნობთ და ვეცდებით, შემდეგ თამაშებში დავაფასოთ და უკეთ ვითამაშოთ."

გიორგი მამარდაშვილი: "არ ვიცი, ასე რატომ მოხდა, ცუდი შეკრება გამოვიდა, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესი დღეები იქნება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ესპანეთთან საშინელი თამაშის მიუხედავად 90 წუთი გვერდში გვედგნენ, ბოდიშს ვუხდი მე პირადად მათ ასეთი ორი თამაშისთვის".

ბუდუ ზივზივაძე: "ეროვნულ ნაკრებში ნებისმიერი გოლი სასიხარულოა. 1 წუთი იქნება, 2 თუ მეტი, ნაკრებში თამაში ყოველთვის საამაყოა. მეც ვცდილობ, რა შანსსაც ვიღებ, მაქსიმალურად გამოვიყენო და დავამტკიცო, რომ მეტს ვიმსახურებ. ეს შეკრება ჩავაგდეთ, ჩემიდან დაწყებული, ყველა ფეხბურთელმა. ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები ვეძებოთ საკუთარ თავში. გვყავს ისეთი გუნდი, რომ მეტი მოგვეთხოვება და მეტი შეგვიძლია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ გამოვასწოროთ ეს შედეგები, რაც ამ კვირაში გვქონდა. ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში მთელი საქართველოს იმედი გავამართლოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ. ვიცით, რომ მარტში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები და უნდა მოვემზადოთ. სანიოლმა მოედანზე შესვლის წინ მითხრა, რომ ცოტა მაღალი პრესინგი მეთამაშა, რაც ვფიქრობ, შევასრულე".

'უფრო მეტად უნდა გვინდოდეს თამაში და მეტი აგრესია უნდა გვქონდეს' - გურამ კაშია.

გურამ კაშია: "პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ცუდი კვირა გამოგვივიდა, ძალიან რთული კვირა იყო. მეტი ხასიათის გამოვლენა გვმართებს, უფრო მეტად უნდა გვინდოდეს თამაში და მეტი აგრესია უნდა გვქონდეს. გეგმას მივყვებოდით, გვინდოდა, მოედნის ცენტრში გვეთამაშა, ბლოკი გვქონდა ჩადგმული, რომ ბურთი წაგვერთმია მეტოქისთვის და კონტრშეტევაზე წავსულიყავით, ეს რამდენჯერმე მოვახერხეთ, შევედით საჯარიმოში, ხვიჩას დაახლოებით ორი მომენტი ჰქონდა. მეტოქესაც არ ჰქონია ბევრი მომენტი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ცუდი კვირა გვქონდა, რაზეც გული ძალიან მწყდება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია გუნდში, გამოცდილება სჭირდებათ, შეიძლება ეს პრობლემა იყო, თორემ ერთობა და განწყობა გუნდში ძალიან მაგარია".

ოთარ კიტეიშვილი: "ძალიან რთულია ჩვენთვის ეს ყველაფერი და გვესმის ხალხის რეაქციის, რადგან მოლოდინი არის სხვა და მოხდა - სხვა. რთულია საუბარი, ჩვენც ვცდილობთ, რომ პასუხები ვიპოვოთ. დღეს თავს უკეთ ვიცავდით, ვიდრე ესპანეთთან, მაგრამ მხოლოდ თავს ვიცავდით და ძალიან პასიურები ვიყავით შეტევაში. მწვრთნელის დავალება იყო, რომ კომპაქტურად გვეთამაშა და კონტრშეტევებზე სახიფათონი ვყოფილიყავით. ვფიქრობ, გარკვეულ სიტუაციებში თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით, მაგრამ მეტია საჭირო, მეტოქეს ძალიან დიდი ხნით ვაძლევთ ბურთის კონტროლის საშუალებას. უნდა ვიმუშაოთ, როდის უნდა გადავიდეთ უფრო აქტიურ პრესინგზე და ვიმუშაოთ ბურთის დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, ამბიციური ხალხი ვართ, ფეხბურთელებსაც გვაქვს ამბიცია, ამ გუნდს შეუძლია უკეთესი შედეგების ჩვენება. მოლოდინები ალბათ შედეგიდან გამომდინარე მოდის. ამ შეკრებაზე ძალიან ცუდი იყო თამაშის ხარისხი და ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო. ეს მოლოდინიც შეიძლება იცვლებოდეს თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამ გუნდს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ბოლო ორ მატჩში ვნახეთ".

ვილი სანიოლის ნაკრების მორიგი მატჩი 12 ოქტომბერს ტაილანდთან (ამხანაგური) იქნება, ხოლო 15 ოქტომბერს ნაკრები ჯგუფის მორიგ შეხვედრას გამართავს, თემურ ქეცბაიას კვიპროსს უმასპინძლებს. ბოლო ორ თამაშს (შინ შოტლანდიასთან, სტუმრად ესპანეთთან) კი ვილი სანიოლის გუნდი ნოემბერში გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები