Thumbnail

საქართველოს ნაკრები ოსლოში, ნორვეგიასთან დამარცხდა (1:2), ეს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე მარცხია ვილი სანიოლის გუნდისთვის. მატჩის შემდეგ სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საუბარი მსაჯთან კამათის მიზეზით დაიწყო და ის უპატივცემულობაში დაადანაშაულა:

მსაჯთან დაპირისპირებაზე: "ვუთხარი, რომ 3 წუთის დამატება მისაღები და სამართლიანი არ იყო. არავინ იცის, მოვახერხებდით თუ არა გათანაბრებას, მეტი რომ დაემატებინათ. შესაძლოა ნორვეგიას მესამე გოლიც გაეტანა, მაგრამ, ვფიქრობ, პატივისცემას ვიმსახურებთ. მსაჯი ისე მელაპარაკა, თითქოს "ჩვარი" ვიყო, ეს მის სინდისზე იყოს!" - თქვა სანიოლმა და შემდეგ უფრო დაასაბუთა, რატომ იყო 3 წუთი ძალიან ცოტა:

"რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზე გულშემატკივრები შევიდნენ და დაცვა მათ გაყვანას ცდილობდა. თამაშში კიდევ იყო რამდენიმე გაჩერება და ორივე გუნდმა რამდენიმე შეცვლა გააკეთა. არ ვამბობ, რომ 8-10 წუთი უნდა დაემატებინა, მაგრამ 3 ძალიან ცოტა იყო".

მსაჯს 3 წუთზე მეტის დასამატებლად მიზეზი მართლაც ჰქონდა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უფრო კმაყოფილი ჩანდა ამ თამაშით, ესპანეთის წინააღმდეგ ნაჩვენებ ხარისხთან შედარებით:

ნაკრების თამაშზე: "ნორვეგიას ბურთი ჩვენზე მეტად ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ჩვენს მარჯვენა ფლანგზე პრობლემები შეგვიქმნეს. თუმცა, მთლიანობაში მეტოქეზე მეტი მომენტი გვქონდა, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ. ესპანეთთან კატასტროფული მატჩის შემდეგ ბევრი გვქონდა გამოსასწორებელი და ის, რაც დღეს ვაჩვენეთ ძალიან დადებითია, ასევე მომავალთან დაკავშირებით".

ფრანგმა ადგილობრივ ჟურნალისტებს ნორვეგიის ნაკრებზეც უპასუხა:

მეტოქეზე: "უსინათლოც ხედავს, რომ ნუსას პოტენციალი აქვს. ჩვენი მარჯვენა ფლანგი პირველ ტაიმში საერთაშორისო დონის არ იყო, მაგრამ სიტუაცია გაუმჯობესდა, როდესაც შესვენებაზე ცვლილება გავაკეთე. ნორვეგიას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, კაპიტანიც არ არის ცუდი. დღეს, ჰაალანდი ბურთს 10-ჯერ შეეხო, მაგრამ გოლი გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ეფექტურია. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ნორვეგია ფინალურ ეტაპზე გავა".

ვილი სანიოლის ნაკრების მორიგი მატჩი 12 ოქტომბერს ტაილანდთან (ამხანაგური) იქნება, ხოლო 15 ოქტომბერს ნაკრები ჯგუფის მორიგ შეხვედრას გამართავს, თემურ ქეცბაიას კვიპროსს უმასპინძლებს. ბოლო ორ თამაშს (შინ შოტლანდიასთან, სტუმრად ესპანეთთან) კი ვილი სანიოლის გუნდი ნოემბერში გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები