Thumbnail

'ღვთის გულისთვის, დაგვიბრუნეთ ჰიმნები' - აურზაური მსოფლიო თასზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პირველ ტურში ჰიმნები ბავშვთა გუნდებმა შეასრულეს და ეს არავის მოეწონა
  • საორგანიზაციო კომიტეტში ფიქრობენ, მომავალი თამაშების წინ, რისი შეცვლა შეიძლება

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტი სერიოზულად ფიქრობს ცვლილება შეიტანოს მატჩების წინ ჰიმნების შესრულების პროცესში, მას შემდეგ, რაც პირველ ტურში მომხდარმა ამბებმა რაგბის ქომაგების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

მსოფლიო თასისთვის ჰიმნების შესრულების პროექტი საფრანგეთის კულტურისა და განათლების სამინისტრომ შეიმუშავა, არსი კი ის გახლდათ, რომ ჰიმნები ბავშვთა გუნდებს უნდა შეესრულებინათ. ამ საქმეში 300-მდე მასწავლებელი და 7 000-მდე ბავშვი იყო ჩართული. მისია საკმაოდ კეთილშობილური იყო, ბავშვებს ქვეყნების კულტურისა და ენის გაცნობის საშუალება მიეცათ, თუმცა, საბოლოოდ პროდუქტი არცთუ კარგი გამოვიდა.

ჰიმნები არატრადიციული მეთოდით ჩაიწერა, მოხდა ხმების გადაფარვა და მისამღერებიც გამოიკვეთა, შედეგად ისე გამოვიდა, რომ სტადიონზე ფაქტობრივად გაორებული ხმა ისმოდა და მოთამაშეებსაც მელოდიისთვის აყოლა გაუჭირდათ. ამას გარდა, ბავშვების მიერ შესრულებული ჰიმნი ნაკლებად მიესადაგა იმ განწყობას, რომლითაც მორაგბეები მატჩზე გასვლას ცდილობენ ხოლმე.

ჰიმნების ბავშვთა გუნდების მიერ შესრულებამ არ გაამართლა

“არ შეიძლება, რომ ჰიმნი ნორმალურად ვიმღეროთ? სპორტში ყველაზე მთავარი თავად მოთამაშეები არიან. ეს ხომ მათთვის უნიკალური მომენტია!”, - დაწერა სოციალურ ქსელში იტალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბე მირკო ბერგამასკომ.

მას მხარი აუბა ირლანდიის ნაკრების ექს-ვარსკვლავმა რობ ქირნიმაც: "ღვთის გულისთვის, დაუბრუნეთ გუნდებს ეროვნული ჰიმნები. ეს ხომ მთლიანად კლავს იმ საოცარ ხუთ წუთს, როდესაც თამაშისთვის განწყობა იქმნება".

აქვე ირლანდიელთა ლეგენდისა და ყოფილი კაპიტნის ბრაიან ო’დრისკოლის კომენტარიც, რომელიც ამჟამად ITV-ის ექსპერტია:

"ჰიმნები საშინელი იყო ხომ? ასე არაა? ყველამ ვიცით, რომ ხალხს ყველაზე მეტად ფრანგული მარსელიეზა და იტალიის ჰიმნი მოსწონს. ვუსმენდი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი ვიღაცამ დაჭრა. ვიცი, რომ ბავშვთა გუნდები ამისთვის სპეციალურად მოამზადეს და თითქოს კარგი იდეა იყო, თუმცა, გამოჩნდა, რომ ეს კონცეპცია არ მუშაობს. სად არის ორკესტრი? სად არის ნამდვილი მუსიკა? სად არის საშუალება, რომ პროცესში გულშემატკივრებიც სრულად ჩაერთონ? მომხდარმა ნამდვილად ბრწყინვალება იმ პროცესს, რასაც სარაგბო მატჩების წინ ჰიმნების შესრულება ჰქვია".

ფრანგული Midi Olympique წერს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტში არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება, რადგანაც ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ არსებობს. არადა, დრო არ ითმენს. მე-2 ტური სტარტს უკვე ხვალ, 14 სექტემბერს აიღებს და თანაც თამაში სწორედ საფრანგეთს უწევს, რომლის ჰიმნსაც ქომაგი ყოველთვის განსაკუთრებულად ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები