- 16-24 სექტემბერს ბელგრადი ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
- ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ იქ რუსები ნეიტრალური სტატუსით დაუშვა
- ჭიდაობა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) გამოაქვეყნა იმ რუსი მოჭიდავეების სია, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დაშვებულები არიან.
პლანეტის პირველობას 16-24 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს და იქ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებიც გამოვლენ. რაც შეეხება რუსებს, ისინი ტურნირში ნეიტრალური, ე.წ. დამოუკიდებელი ნეიტრალური ათლეტების (AIN) სტატუსით გამოვლენ.
ბელგრადში თავისუფალ ჭიდაობაში რუსებს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლებათ. სიაში არიან ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, დაღესტნელი აბდულრაშიდ სადულაევი, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და გივი მაჭარაშვილის პოტენციური მეტოქეა. 74 კგ-ში, ავთანდილ კენჭაძის წონაშია 2020 წლის ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბესლანელი ზაურბეკ სიდაკოვი, ხოლო 57 კგ-ში, ბექა ბუჯიაშვილის პოტენციური მეტოქე იქნება ზაურ უგუევი - კიდევ ერთი დაღესტენლი მოჭიდავე, რომელიც ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დაშვებული რუსები:
57 კგ - ზაურ უგუევი
61 კგ - აბასგაჯი მაგომედოვი
65 კგ - შამილ მამედოვი
70 კგ - ევგენი ჟერბაევი
74 კგ - ზაურბეკ სიდაკოვი
79 კგ - ახმედ უსმანოვი
86 კგ - არსლან ბაგაევი
92 კგ - მაგომედ კურბანოვი/ ვლადისლავ ვალიევი
97 კგ - აბდულრაშიდ სადულაევი
125 კგ - აბდულა კურბანოვი.
UWW-ის საიტზე აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენელი 235 ადამიანის ანკეტური მონაცემებისა და სოციალური ქსელების საგულდაგულო შემოწმება განხორციელდა. კომისიამ შეისწავლა ყველა სტილისა და კატეგორიის მოჭიდავე, ასევე მათი პერსონალი. 235 ადამიანიდან შემოწმება 26-მა ვერ გაიარა. მიზეზი კი ამ უკანასკნელთა მხრიდან უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდაჭერის ფაქტი, ასევე აგრესორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა თუ უშიშროების ორგანოებში მათი საქმიანობა და თანამშრომლობა გახდა.
კომენტარები