Thumbnail

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ნორვეგიასთან სტუმრად 1:2 დამარცხდა და ჯგუფში 1 მოგებით, 1 ფრითა და 3 წაგებით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე იმყოფება. შეხვედრის შესახებ ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სობაკენმა ისაუბრა.

სტალე სოლბაკენი (ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი): "ბიჭები გრძნობდნენ, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ. მათ ორი გოლი გაიტანეს და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ თამაში დაიძაბებოდა. მოულოდნელად გოლი გავიდა და საბოლოო ჯამში, მაინც დრამატული მატჩი იყო. საერთოდ არ იყო აუცილებელი მათთვის ბოლო შანსის მიცემა, ეს ჩვენ არ უნდა დაგვეშვა.​

...თამაშზე: "ვიცოდით, რომ საქართველო ყოველთვის მარცხნიდან უტევს. კრისტოფერ აიერს, რომელიც კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, ეგ მხარე უნდა ჩაეკეტა. ეს მას კარგად გამოუვიდა. ჩვენ მეორე მხარე დავტვირთეთ და ეს ისეთი სახიფათო აღმოჩნდა, როგორსაც ვიმედოვნებდით. ნუსამ ორი დიდებული საგოლე პასი გააკეთა და გოლების შემდეგ, შესვენებამდე კარგად ვთამაშობდით. ვფიქრობ, ზოგიერთ მოთამაშეს საკმარისი ფიზიკური გამძლეობა არ აქვს. ფრედრიკ ეურსენსი სამი კვირაა მარცხენა ფლანგზე თამაშობს და სავარაუდოდ, ცენტრში უნდა ითამაშოს. ნუსა დაიღალა და ერლინგი, რომელიც პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო, სტატიკური გახდა. საქართველოს არაფერი შეუქმნია, მაგრამ მოულოდნელად გოლი გაგვიტანა და დრამატული დასასრული იყო. ვგრძნობდით, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ არაეფექტურები ვიყავით. მათ ნახევარზე მარტივად ვთამაშობდით, მაგრამ ბოლო 25-30 მეტრში გვეშინოდა, რომ კონტრშეტევას გავუშვებდით. საქართველო წინ არ მიდიოდა, ჩვენ მათ ველოდებოდით, მაგრამ არ უტევდნენ.

...ჰაალანდზე: "მიუხედავად იმისა, რომ ჰაალანდი ჩაკეტილი ჰყავდათ, პირველ ტაიმში ის ძალიან აქტიური და მობილური იყო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვპოულობდით. საქართველო 5 მცველითა და 3 ნახევარმცველით თამაშობდა და ხშირად მის გარშემო 6 მოთამაშე იყო. ბევრი თავდამსხმელი თავის დაღწევას შეეცდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გოლებს ვერ გაიტან. მას შეეძლო ბურთს ხშირად მოედნის შუაში შეხებოდა, მაგრამ ეს არ სურს და მეც არ ვითხოვ მისგან ამას. მნიშვნელოვანია, რომ მოთმინების უნარი აქვს. ის ბურთთან შეხებების დათვლის ნაცვლად გოლებს ითვლის."

...ნუსაზე: "გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ შექმნან დისბალანსი და ნუსას ამის გაკეთება შეუძლია. ეს იყო ის, რაც გვაკლდა, განსაკუთრებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაში ამდენი ფეხბურთელით დგას."

...ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე: "ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები დიდად ამ მატჩის მერე არ გაზრდილა, მაგრამ იმედი ჯერ კიდევ გვაქვს. თუ ოქტომბერში ორ მატჩს მოვიგებთ, მაშინ ამ იმედებს ნოემბრისთვისაც შევინარჩუნებთ. ეს, რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ დღეს არ მოვიგებდით, შესაძლებლობაც არ გვექნებოდა."

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ტაილანდთან (ამხანაგური) გამართავს, ხოლო 15 ოქტომბერს ჯგუფის მორიგ მატჩში თემურ ქეცბაიას კვიპროსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები