Thumbnail

ოფიციალურად: მარკო ვერატი პსჟ-იდან კატარულ კლუბში წავიდა

  • მარკო ვერატიმ ალ-არაბისთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა
  • 30 წლის იტალიელი კატარულ კლუბში წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს

მარკო ვერატიმ პარი სენ-ჟერმენი დატოვა და კარიერას კატარში გააგრძელებს. 30 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა კონტრაქტი ალ-არაბისთან გააფორმა და მის ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე, 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კატარელებს ვერატის დამატება 45 მილიონი ევრო დაუჯდათ, თავად ფეხბურთელი კი ალ-არაბიში წელიწადში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

ვერატიმ კარიერის უდიდესი ნაწილი პარი სენ-ჟერმენში გაატარა

 
აღსანიშნავია, რომ მარკო ვერატიმ პსჟ-სთან კონტრაქტი წინა წლის მიწურულს, 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ პარიზელი ფანებისგან მისი მისამართით წამოსული კრიტიკისა და შეურაცხყოფის შემდეგ, კლუბის დატოვება გადაწყვიტა, რომლის ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. ამ სეზონში ვერატის პსჟ-ის მაისურით არ უთამაშია, ის არც იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიუწვევია ლუჩანო სპალეტის.

მარკო ვერატის კატარულ ალ-არაბიში შეხვედრა პსჟ-ში ყოფილ თანაგუნდელებთან, აბდუ დიალოსა და რაფინიასთან მოუწევს. 

მარკო ვერატიმ კარიერა პესკარაში დაიწყო, სადაც 2008-2012 წლებში ითამაშა, შემდეგ კი 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ პარი სენ-ჟერმენმა შეიძინა. იტალიელმა ნახევარმცველმა ფრანგულ კლუბში 416 მატჩში 11 გოლი და 61 საგოლე პასი მიითვალა, მოიგო 30 ტიტული, მათ შორის 9-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები