- გიორგი ცხოვრებაძე კარიერას გერმანულ გუმერსბახში აგრძელებს
- ნიკოლოზ კალანდაძე კვლავ შამბერიში ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ახალ კლუბში გუმერსბახში აგრძელებს კარიერას. გერმანული ბუნდესლიგა გიორგის ახალმა გუნდმა გამარჯვებით დაიწყო, ლემგო 30:27 დაამარცხა, ხოლო ქართველმა დებიუტანტმა (ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა გუმერსბახის ფორმით) ორი გოლი გაიტანა.

პირველ ტურში გამარჯვებას მოჰყვა, მარცხი გერმანიის ჩემპიონთან და ევროგრანდ კილთან - 30:41. ამ შეხვედრაში ცხოვრებაძეს ავადმყოფობის გამო არ უთამაშია. ბუნდესლიგის მე-3 ტურში მოგებისა და მარცხის შემდეგ, პირველი ფრე ვიხილეთ - 33:33 ჰანოვერთან. გიორგიმ ჰეთ თრიკი შეასრულა, გოლები მე-40, 45-ე და 54-ე წუთებზე გაიტანა. ბუნდესლიგის მე-4 ტურში ქართველი ლეგიონერის გუნდი სტუმრად გოპინგენთან დამარცხდა - 29:32. ცხოვრებაძემ 32-ე და მე-40 წუთებზე გაიტანა. მოკლედ, სამ მატჩში გიორგის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 7 გოლია.
14 სექტემბერს ბუნდესლიგის მე-5 ტურში გუმერსბახს შინ დერბი აქვს ბერგიშერთან, რომელმაც სტარტზე ოთხივე თამაში წააგო. შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანულ კლუბთან, მანამდე კი ის ფრანგულ მონპელიეში თამაშობდა.
გუმერსბახი 162 წლის წინ გახლავთ დაარსებული და გერმანიის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, თასი - 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა - ასევე 5-ჯერ, თასების მფლობელთა თასი - 4-ჯერ, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასი და ევროპის საკლუბო ჩემპიონატი კი - 2-2-ჯერ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც ევროპამ გაიცნო. ის ადრეულ ასაკშივე ჩაირიცხა მონპელიეს აკადემიაში, 2021-22 წლების სეზონში კი შვეიცარიულ ვინთერტურში იყო განათხოვრებული. გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და სწორედ მან შეაგდო გამარჯვების მომტანი ბურთი უნგრეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში. ცხოვრებაძემ ჯამში 42 გოლი გაიტანა და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფრანგული სტარლიგაც დაიწყო, სადაც ორი ქართველის ნაცვლად, ერთი დარჩა - ნიკოლოზ კალანდაძე. ნიკოლოზის შამბერი პირველ ტურში ნიმთან 29:31 დამარცხდა. გუნდში საუკეთესო სწორედ ქართველი ლეგიონერი იყო 7 გოლით. 17 სექტემბერს შამბერი ცხოვრებაძის ყოფილ გუნდ მონპელიეს ესტუმრება.
იანვარში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. E ჯგუფში ტიტე კალანდაძის გუნდი შვედეთს, ნიდერლანდებს და ბოსნია/ჰერცეგოვინას შეხვდება.
კომენტარები