Thumbnail

inside the games-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ორი ქართველი ძალოსანი რიადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატიდან შინ გაუშვეს, რითაც მათ პარიზის 2024-ზე ასპარეზობის შანსი დაკარგეს. მიზეზი კი ისაა, რომ მათ წონა ვერ ჩააბარეს". რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია თავის გვერდზე წერდა: "ობიექტური მიზეზების გამო რევაზ დავითაძე საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებს". 

inside the games კახი ასანიძის დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებითაც წერს. გამოცემა ამტკიცებს, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია "საბოტაჟზე" აკეთებს აქცენტს და, დიდი ალბათობით, სპორტულ არბიტრაჟს მიმართავს, რომ კახი ასანიძეს დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნან. "საუბარია ერთ სავარჯიშო ცენტრზე საქართველოში, სადაც საეჭვო ვითარებაში დაფიქსირდა 10 დადებითი შედეგი სპორტის სამ სახეობაში: ძალოსნობაში, ჭიდაობასა და ძიუდოში. 

დავითაძის გარდა, inside the games-ის ინფორმაციით, რიადის მსოფლიოს ჩემპიონატი დატოვა გიორგი ჩხეიძემ, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა - მან ჩემპიონატი 109 კილოში ოფიციალურ აწონვამდე დატოვა. "საქართველოდან მოსული ინფორმაციის თანახმად, დავითაძე დროებით დისკვალიფიცირებულია საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ, ხოლო ჩხეიძის შემთხვევაში საქმე გვაქვს კუნთის გაწყვეტასთან", - წერს inside the games. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 109 კგ. არაოლიმპიური წონაა. 

"ამ დროისთვის ხუთი ქვეყანა ექვემდებარება გარიცხვას, რადგან 2022 და 2023 წლებში მათ სამი ან მეტი დარღვევა დაუფიქსირდათ საერთაშორისო დონეზე. ესენია: პაკისტანი, უკრაინა, თურქმენეთი, ყაზახეთი და თურქეთი. საქართველოს ტოკიო 2020-ის შემდეგ ორი შემთხვევა აქვს და კიდევ ერთი შემთხვევა მას ამ ხუთ ქვეყანას გაუთანაბრებს",- კვლავ inside the games – "ამ შემთხვევაში ქვეყანამ შესაძლოა, დაკარგოს ოლიმპიური კვოტების ნაწილი ან სრულად". 

🇬🇪 საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები 🇬🇪 საუდის არაბეთი - მსოფლიო ჩემპიონატი

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2023

ITA-ს ოფიციალური სიის მიხედვით, ამჟამად საქართველოდან სამი ქართველი ძალოსანია დოპინგ-ტესტის ჩაგდებისთვის დისკვალიფიცირებული. ზემოთნახსენები კახი ასანიძე, ირაკლი თურმანიძე, რომლის დისკვალიფიკაციაც 16 ნოემბერს სრულდება და ანტონ პლიესნოი, რომლის 2021 წლის 14 დეკემბრის სინჯმა აჩვენა დადებითი შედეგი. შეგახსენებთ, რომ პლიესნოი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, მაგრამ რადგან ტესტი მერე ჩააგდო, მის მედალს არაფერი ემუქრება.

ანტონ პლიესნოი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძალოსნობაში, სადაც საქართველოს ჯერჯერობით ერთი მცირე მედალი აქვს მოპოვებული - შოთა მიშველიძემ ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს მთავარი იმედი, ლაშა ტალახაძე რიადში 17 სექტემბერს იასპარეზებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები