Thumbnail

კალათბურთი ღია ცის ქვეშ - საოცარი შოუ ბელგრადში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პარტიზანმა და ფუენლაბრადამ გადაჭედილ სტადიონზე ითამაშეს
  • მატჩი ქომაგების მიერ მოწყობილი ცეცხლოვანი შოუს ფონზე მიმდინარეობდა

დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, სადაც ადგილობრივმა პარტიზანმა ესპანური ფუენლაბრადა ღია ცის ქვეშ მიიღო.

თამაში ამხანაგური იყო, ამდენად, საკალათბურთო რეგულაციებზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. მატჩი უძველეს სტადიონ Tašmajdan-ზე ჩატარდა, რომელსაც კალათბურთელებისთვის გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ არ უმასპინძლია.

ბელგრადში ღია ცის ქვეშ გამართულ მატჩს 7 500-მდე ქომაგი დაესწრო

შეხვედრას 7 500-მდე მაყურებელი დაესწრო, რომელთაც მე-2 ტაიმის სტარტზე საოცარი სანახაობა შექმნეს. სტადიონზე პროჟექტორები სანახევროდ იყო ჩართული, სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა ფაიერ-შოუ მოაწყვეს და კალათბურთელებიც ამ ცეცხლოვანი განათების ფონზე თამაშობდნენ.

მატჩი პარტიზანელებმა იოლად (93:63) მოიგეს, რაც იმ შემადგენლობის ფონზე, რომელიც სერბულ კლუბს ჰყავს, გასაკვირი ნამდვილად არაა. ბელგრადელებს სახელოვანი ჟელკო ობრადოვიჩი წვრთნის, რომელმაც მომავალი სეზონის წინ ფრენკ კამინსკი და მატეუშ პონიტკაც დაიმატა.

თამაშის წინ განსაკუთრებულად მიესალმნენ ალეკსა ავრამოვიჩს, რომელმაც სერბეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდში უკანასკნელი ფიგურა ნამდვილად არ ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები