- ბრიტანულ პრესაში ბოლო დროს მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან ინტერესზე ხშირად წერენ
- გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა ხვიჩა იანვარში პრემიერლიგაში აღმოჩნდეს
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტოპ-ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებული კლუბების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს და სხვადასხვა გამოცემა მასზე ახალ ინფორმაციებს ავრცელებს.
ბოლო დროს აქტუალური თემაა მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან ინტერესი, რაზეც ბრიტანულ მედიაში არაერთი გამოცემა წერს. როგორც იცით, "წითელი ეშმაკების" ორივე ვინგერის, ენტონისა და ჯეიდონ სანჩოს მომავალი ბუნდოვანია, შესაბამისად, ინგლისური გრანდი ახალი შემტევი ფეხბურთელის ძიებაშია და მათთვის პრიორიტეტი სწორედ ხვიჩაა.
ბრიტანული Goal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მანჩესტერი კვარაცხელიას შესაძენად იანვარში ყველაფერს გააკეთებს.
"მანჩესტერ იუნაიტედს კვარაცხელია მოსწონს, ანტონისა და ჯეიდონ სანჩოს მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" კი ბუნდოვანია. წყაროები ვარაუდობენ, რომ "წითელი ეშმაკები" იანვარში ქართველი ფეხბურთელის შესაძენად all in-ზე წავლენ", - წერს Goal.

გუშინ კი ამ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ Daily Mail-ის ჟურნალისტმა, მაიკ კიგანმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ იუნაიტედის გარდა ხვიჩას ინგლისში არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, შესაბამისად, არაა გამორიცხული ის მალე პრემიერლიგაში ვიხილოთ.
"არ გამიკვირდება, რომ ნაპოლის ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში აღმოჩნდეს. ვიცი, რომ აქ მას, იუნაიტედის ჩათვლით, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ, რომ ის იაფი დაჯდება, შუა სეზონში გაცვლა კი ნაკლებად სავარაუდოა. იანვრისთვის, სეზონის ბოლომდე იჯარა შეიძლება იყოს გამოსავალი", - ამბობს მაიკ კიგანი.
ამას ყველაფერს ემატება ხვიჩას კონტრაქტის საკითხიც, რომლის განახლებასაც, როგორც ჩანს, ნაპოლი არ გეგმავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხვიჩა გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა და ნაპოლის სკუდეტოს მოპოვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, მაშინ მას გაცილებით მეტი ანაზღაურება ეკუთვნის, იტალიის მოქმედი ჩემპიონების განცხადებით კი, მათ ამაზე საუბარი ხვიჩას წარმომადგენლებთან არ ჰქონიათ.
კომენტარები