Thumbnail

ვალენსიის დირექტორი მამარდაშვილზე: შეთავაზებები გვქონდა, მაგრამ ესეც ინვესტიციაა

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ვალენსიის სპორტულმა დირექტორმა იარემჩუკის პრეზეინტაციაზე გიორგიზე ისაუბრა
  • კორონას თქმით, მას შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ მამარდაშვილის გაშვებაზე უარი თქვა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი მამარდაშვილის ვალენსიიდან შესაძლო წასვლაზე საკმაოდ ხშირად იწერებოდა. თავიდან ცნობილი იყო, რომ ესპანურ კლუბს ფინანსური კრიზისის გამო მისი გაყიდვა სურდა და ქართველ კიპერს 25 მილიონ ევროდაც აფასებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული არაერთი კლუბი იყო, საბოლოო ჯამში, ვალენსიამ მამარდაშვილის შენარჩუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ "ღამურების" სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ ახალწვეულის, რომან იარემჩუკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

"სატრანსფერო ფანჯრის დროს რაღაცები მოხდა, მაგალითად, მივიღეთ შეთავაზებები მამარდაშვილზე, დიახაბისა და ტიერიზე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მათ დავთანხმებულიყავით და ფინანსური დანაკარგი დაგვებალანსებინა, გადავწყვიტეთ, რომ ესეც ინვესტიციაა. ბაზარი განვითარდება და შეთავაზებებზე უარის თქმაც ინვესტიციის ერთ-ერთი გზა არის", - აღნიშნა კორონამ.

ვალენსიას გიორგი 25 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული

მამარდაშვილს ზაფხულში არაერთ გუნდს უკავშირებდნენ, რომელთა შორის ესპანური, ინგლისური, იტალიური და გერმანული გრანდები იყვნენ. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ვალენსია ბოლოს მამარდაშვილს მაინც გაყიდის და ეს შესაძლოა, იანვარშიც კი მოხდეს.

მანამდე კი გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ ვალენსიაში ბრუნდება, რომლის მაისურითაც მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და ერთხელ კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები