- საქართველოს ნაკრების მთავარი შანსი ევრო 2024-ის პლეი ოფია
- რა შეცვალა და კიდევ რას შეცვლის ევროს შესარჩევი ციკლი
- არის ალბათობა, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს არ ვუმასპინძლოთ
- საქართველოს ნაკრები
შესარჩევი ციკლის დასრულებამდე სამი ტურით ადრე A ჯგუფში 5 თამაშიდან 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებს, "კლასიკური გზით" ევრო 2024-ზე მოხვედრის მინიმალური შანსიღა რჩება. ვილი სანიოლის გუნდს თეორიულად კიდევ შეუძლია ევროზე გამსვლელი მე-2 ადგილის დაკავება (15-ქულიან შოტლანდიას უკვე ვეღარ დაეწევა), მაგრამ ამისთვის ჯგუფში მინისასწაულები უნდა მოხდეს. რჩება უეფას ბოლოდროინდელი საჩუქარი - "ერთა ლიგის გზა".
საქართველოს ნაკრებს 15 ოქტომბერს შინ თემურ ქეცბაიას კვიპროსთან უწევს თამაში, შემდეგ კი ურთულესი მატჩები ელის: 16 ნოემბერს შინ შოტლანდიასთან და 19-ში - სტუმრად ესპანეთთან. სანიოლის გუნდს შესაძლოა, ამ სამ თამაშში ქულათა მაქსიმუმიც (9 ქულა) არ ეყოს მეორე ადგილის დაკავებისთვის. ასე რომ, მოდი, გავიხსენოთ "ერთა ლიგის გზა", რას მიაღწია უკვე ნაკრებმა და რა შეიცვალა (ან შეიცვლება) ამ შესარჩევი ციკლით.

პლეი ოფები ცნობილია, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს
მას მერე, რაც გერმანიაში წამსვლელი 20 გუნდი (2-2 კლასიკური ჯგუფებიდან) გაირკვევა, დარჩება მხოლოდ 3 საგზური (გერმანია, როგორც მასპინძელი ტურნირზე დაშვებულია). ამ სამი საგზურისთვის "ერთა ლიგის გზით" იბრძოლებს 12 ნაკრები (4-4 A, B და C ლიგების გზიდან).
პლეი ოფის ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება - ლიგის დივიზიონის საუკეთესო რეიტინგში მეოთხეს უმასპინძლებს, ხოლო მეორე - მესამეს). სად ჩატარდება ფინალი 26 მარტს წილისყრით გაირკვევა, წილისყრა კი 23 ნოემბერს გაიმართება კლასიკური შესარჩევი ციკლის დასრულებისთანავე.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის სეზონი დასრულებულია და სამივე დივიზიონში (D დივიზიონიდან არავინ არ გადის) გარკვეულია ის 4-4 ნაკრები, რომელთაც გარანტირებული აქვთ პლეი ოფში ადგილი. მათ შორის არის ვილი სანიოლის გუნდი, რომელიც C ლიგის ჯგუფის გამარჯვებულია, თანაც ისე, რომ ლიგაში საუკეთესო რეიტინგი აქვს და პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობაც გარანტირებული აქვს. 12-ვე ნაკრები გარკვეულია, მაგრამ დიდი ალბათობით, მათი დიდი ნაწილი სხვებით ჩანაცვლდება, რადგან "კლასიკური გზით" ვინც საზგურს მოიპოვებს, მათ პლეი ოფი აღარაფერში ესაჭიროებათ და გზას ლიგის რეიტინგში (და არა ჯგუფის) შემდგომ გუნდს უთმობენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ C გზით პლეი ოფში გარანტირებული აქვთ თამაში საქართველოს, საბერძნეთს, თურქეთს და ყაზახეთს. თუ არაფერი შეიცვალა, საქართველო ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს, ხოლო საბერძნეთი - თურქეთს. ვინაიდან, ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს ის უპირატესობა აქვთ, რომ რაც უნდა ცვლილებები განხორციელდეს, მათ პლეი ოფში ერთით მაღალი დივიზიონის გუნდებთან არავინ გადაისვრის, საქართველოს და ზემოთ დასახელებულ ტრიოს უფრო ძლიერ ნაკრებებთან დაპირისპირება არ ელით.

საბერძნეთის, თურქეთის და ყაზახეთის 'კლასიკური' შანსები
შეიძლება თუ არა შეიცვალოს ეს ოთხეული და წყვილები? სავსებით შესაძლებელია! საქართველო ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, ალბათ ვეღარ მოიპოვებს საგზურს "კლასიკური გზიდან" და პლეი ოფში დარჩება ნომერ პირველ გუნდად. რა ხდება სხვების შემთხვევაში?
საბერძნეთი B ჯგუფშია კლასიკურ შესარჩევ ციკლში - 5 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და საგზურისთვის იბრძვის. თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას - იქ პირველზე საფრანგეთია 15 ქულით, ხოლო მეორეზე (9 ქულით) ნიდერლანდების ნაკრებია, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული. საბერძნეთმა უშუალო კონკურენტებთან თითოჯერ უკვე წააგო, შემდეგ ტურში კი რთული მატჩი ელის დუბლინში ირლანდიასთან. მოკლედ, ბერძნებს სანიოლის გუნდზე უკეთესი შანსი კი აქვთ, მაგრამ მაინც, არ გვგონია, მათ ამ ჯგუფში საფეხბურთო გმირობა მოახდინონ. ასეთ შემთხვევაში კი, საბერძნეთის ნაკრებიც პლეი ოფის იმედზე რჩება.
მესამე ნაკრები - თურქეთი - სრულიად განსხვავებულ ვითარებაშია - D ჯგუფში (შესარჩევში) 5 მატჩის შემდეგ მას 10 ქულა აქვს და გამსვლელ, მეორე პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვს ლიდერ ხორვატიას. თურქეთის უშუალო კონკურენტებს, სომხეთს და უელსს 7-7 ქულა აქვთ. შემდეგ ტურში ლიდერთა დაპირისპირებაა ზაგრებში ხორვატია თურქეთის წინააღმდეგ. თურქეთის შანსი, საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვოს, სოლიდურია. ასე რომ, მარტში პლეი ოფში ეს გუნდი შეიძლება ვერც ვიხილოთ.
დაბოლოს, ყაზახეთი - საკვირველია, მაგრამ ეს გუნდიც კარგად იბრძვის შესარჩევ ციკლში - H ჯგუფში მართალია, მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ 12 ქულა აქვს და მხოლოდ თითო ქულით ჩამორჩება ლიდერ სლოვენიასა და დანიას. ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩი დანიასთან სტუმრად. ყაზახების შანსებს თურქებისაზე ნაკლებად განვიხილავთ, თუმცა ბერძნების შანსებზე მეტად.
ახლა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე რეალური კანდიდატი, თურქეთი "კლასიკური გზით" გაინაღდებს ევროს საგზურს? მას ჩაანაცვლებს მე-5 საუკეთესო გუნდი C ლიგაში და ეს ლუქსემბურგია. თუ ყაზახეთიც იყოჩაღებს, მას უკვე შემდეგი (მე-6) საუკეთესო აზერბაიჯანი ჩაანაცვლებს პლეი ოფში. მე-7 ნაკრები და რიგში შემდეგი არის კოსოვო, ხოლო მე-8 ბულგარეთი.
მოკლედ, დიდი ალბათობით, ეს დალაგებული ოთხეული პლეი ოფში შეიძლება "აირიოს" და საქართველოს ნახევარფინალში ან ლუქსემბურგის, ანაც აზერბაიჯანის (მიზერულია შანსი, რომ მეტოქე კოსოვოც იყოს) წინააღმდეგ მოუწიოს. ასეა თუ ისე, წესით, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ყველა ვარიანტში ფავორიტია და ფინალში გასვლა ევალება.
მეტი ცვლილება A და B ლიგებში
ლოგიკურად გაცილებით დიდი შანსია, რომ უკვე დაგეგმილი ოთხეულები შეიცვალოს A და B ლიგის გზებიდან. ამ დივიზიონებში უფრო ძლიერი ნაკრებები თამაშობენ და მათ მეტი შანსი აქვთ "კლასიკური გზით" მოიპოვონ საგზური, რასაც თავად შესარჩევი ციკლიც ადასტურებს. მართალია, საგზური ჯერ არავის გაუნაღდებია, მაგრამ რამდენიმე გრანდი ამასთან ძალიან ახლოსაა.
გავიხსენოთ ევრო 2020, სადაც პირველად მოხვდნენ გუნდები ერთა ლიგის პლეი ოფით. გავიხსენოთ, რა ახლოს იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. ვინაიდან, ახლა თითქმის ანალოგიური სისტემაა (უბრალოდ, D ლიგა ამოვარდა და საგზური სამია ოთხის ნაცვლად). ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს.

როგორც ევრო 2020-ზე... თითქმის
მაშინ 12-გუნდიანი A ლიგიდან, არა მარტო ჯგუფების გამარჯვებულებს არ დასჭირდათ პლეი ოფში თამაში, არამედ, მხოლოდ 1 ნაკრებს ისლანდიას მოუწია იქ გამოსვლა (რომელიც ყველაზე ბოლო, მე-12 პოზიციას იკავებდა რეიტინგში). B ლიგიდან 12-დან 4 ნაკრებს დასჭირდა პლეი ოფი და აქედან მხოლოდ ერთი იყო ჯგუფის გამარჯვებული (ბოსნია/ჰერცეგოვინა). C ლიგიდან (16-გუნდიანი) პლეი ოფში ითამაშა 7-მა ნაკრებმა, აქედან სამი იყო ჯგუფის გამარჯვებული (ერთმა ფინეთმა საგზური კლასიკური გზით მოიპოვა და ის შემდგომმა ბულგარეთმა ჩაანაცვლა). დანარჩენი სამი კი დაემატა, რადგან A ლიგიდან მხოლოდ ერთი ნაკრები იყო დარჩენილი.
რა შეიძლება იყოს ახლა? რადგან A და B ლიგები ახლა უკვე 16-16 გუნდიანები არიან, მთლად წინა შესარჩევიც სიტუაცია, ალბათ, არ გამეორდება. შეუძლებელია, რომ კლასიკური გზით ამ ორი ლიგიდან (32 გუნდი) იმდენი მოიპოვებს, რომ C ლიგას დამატებითი პლეი ოფის საგზური შეხვდეს.
მაგალითად, B ლიგის წარმომადგენლები შვედეთი, ირლანდია, ისლანდია და ბოსნია, ალბათ, პლეი ოფის საგზურების იმედად თუ იქნებიან (ამათგან, გარანტირებული ეს საგზური მხოლოდ ბოსნიას აქვს, როგორც ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულს). A ლიგელებიდან ყველაზე მეტად უჭირთ პოლონელებს.
დაბოლოს, ისევ დავუბრუნდეთ ჩვენი ნაკრების სავარაუდო მეტოქეებს. კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს მეტოქე გარდა კლასიკური გზით საგზურის მოპოვებისა? პირველი სეზონიდან განსხვავებით, ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რადგან ზედა ორ ლიგაში 32 ნაკრებია (ადრე იყო 24) და 20-მაც რომ მოიპოვოს საგზური კლასიკური გზით, რჩება კიდევ 12 ნაკრები, რომელთაგანაც 8 პლეი ოფში ითამაშებს. წინა გათამაშებაში C ლიგას პლეი ოფში სამი დამატებითი საგზური ერგო (A ლიგის ხარჯზე). ასეთი რამ ვეღარ გამეორდება.
კომენტარები