Thumbnail

PREVIEW | დაასრულებს კვარაცხელია უგოლო სერიას? ნაპოლის მოსაგები აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან რბილად რომ ვთქვათ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას კონცენტრირება ისევ საკლუბო მატჩებზე მოუწევს, პირველი მეტოქე კი ჯენოაა.

ეს არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ ხვიჩას ჯერ არ უთამაშია - ჯენოა გასულ სეზონში სერია B-ში იყო. ნაპოლი წყვილში აშკარა ფავორიტია, თუმცა, რუდი გარსიას უკვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რაც წინა ტურში რომის ლაციოსთან საშინაო მარცხმა უფრო აშკარა გახადა.

ფიქრობენ, რომ ნაპოლის ფეხბურთი აღარ არის ისეთი ლამაზი და ინტენსიური, როგორც ლუჩანო სპალეტის დროს. თუმცა, ფაქტი ერთია - სამი თამაში დასკვნებისთვის მეტისმეტად ცოტაა, მით უფრო, რომ ჯერ სეზონის სტარტია, გუნდები არ არიან ფორმის პიკზე და გამონაკლისი ნაპოლიც ვერ იქნება. იტალიის ჩემპიონს კრიტიკის გადასაფარად გენუაში მოგება მართებს, რადგან გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდთან ქულების დაკარგვა კრიტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.

181 დღეა, ხვიჩა კვარაცხელიას მშრალი სერია აქვს - ეს მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის მართლაც ბევრია. სხვათა შორის, მატჩამდე იტალიური მედია წერს, რომ კვარა ჯენოას გაბრაზებული დაუპირისპირდება, ორი მიზეზით: მშრალი სერიისა და საქართველოს ნაკრებში წარუმატებელი მატჩების გამო. კვარამ ბოლოს 19 მარტს გაიტანა, ტურინში, ტორინოსთან პენალტი. წნეხი დიდია, მაგრამ ხვიჩას ნამდვილად შეუძლია ამ რთული პერიოდის დაძლევა და მერე ყველაფერი გაუმარტივდება.

კვარამ ნაპოლიში ჯენოასთან მატჩამდე უკვე ივარჯიშა

კვარაცხელია "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტში დაასახელეს, ხოლო ფიფამ კი წლის 12 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა! ეს დიდი მოტივაცია უნდა იყოს მისთვის - პასუხისმგებლობასთან ერთად. სხვათა შორის, ორივე სიაშია ვიქტორ ოსიმენიც, რომელმაც ეს სეზონიც კარგად დაიწყო - სამ ტურში 3 გოლი.

ნაპოლის თუ 6 ქულა აქვს, ჯენოამ 3 ქულა დააგროვა. გენუელებმა ფიორენტინასა და ტორინოსთან წააგეს, შუალედში კი, რომში, ლაციოს აჯობეს, იმ ლაციოს, რომელთანაც მერე ნაპოლიმ შინ წააგო. ცხადია, ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჯენოა არ არის ურიგო გუნდი და წესით, დიდი შანსი უნდა ჰქონდეს ელიტაში დასარჩენად. გუნდს ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო ავარჯიშებს, რომლისთვისაც მწვრთნელის რანგში ეს სერია A-ში პირველი სეზონია.

ორივე გუნდშია მცირე დანაკლისი: ნაპოლის მატეო პოლიტანო ვერ დაეხმარება, რომელიც იტალიის ნაკრებში დაშავდა. ის წესით იესპერ ლინდსტრომმა უნდა შეცვალოს და თუ ასე მოხდა, დანიელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს. ჯენოას ჟუნიორ მესიასი აკლია, რომელიც ზაფხულში მილანიდან დაიმატეს...

საინტერესო ფაქტები

🟠 ნაპოლი ლაციოსთან მარცხის შედეგად 2022 წლის 10 სექტემბრის შემდეგ პირველად დაშორდა ლიდერის პოზიციას.

🟠 ნაპოლიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონის მე-3 ტურში წააგო (ლაციოსთან). აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე ტურის მატჩები ნეაპოლელებმა ვერც გასულ, ტრიუმფალურ სეზონში მოიგეს (ფრეები ფიორენტინასა და ლეჩესთან).

🟠 პიოტრ ჟელინსკის ჯენოასთან 3 გოლი აქვს გატანილი და უფრო მეტი მხოლოდ მილანს გაუტანა (4).

🟠 ნაპოლისა და ჯენოას ბოლო 10 მატჩიდან 8-ში და მათ შორის უკანასკნელ 5-ში, მინიმუმ ერთი გოლი გავიდა პირველ ტაიმში.

🟠 ჯენოამ ნაპოლი ბოლო 5 მატჩიდან ერთადერთხელ დაამარცხა და 4-ჯერ წააგო, თან 14 გოლი გაუშვა.

🟠 ჯენოას ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ეს გუნდები სერია A-ში 100-ჯერ შეხვედრიან. 40 მატჩი ნაპოლიმ მოიგო, 30 ჯენოამ და 30-ჯერაც ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჯენოა (4-3-2-1): მარტინესი - საბელი, ბანი, დრაგუშინი, ვასკესი - სტროტმანი, ბადელი, ფრენდრუპი - მალინოვსკი, გუდმუდსონი - რეტეგი.
ტრავმა: მესიასი, ვოლიაჩო.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - ლინდსტრომი, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: გოლინი, პოლიტანო.

კომენტარები

ბოლო ამბები