Thumbnail

იტალიური ნაპოლის მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია სერია A-ში ჯენოასთან მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მზად არის, რომ მინდორზე 90 წუთი გაატაროს. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ლაციოსთან შეხვედრაში გარსიამ ქართველი ფეხბურთელი უკვე 66-ე წუთზე შეცვალა, ახლა კი, როგორც სჩანს, მსგავსს აღარ უნდა ველოდეთ.

"ის საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნდა, რომლის მაისურითაც ორივე მატჩში 90 წუთი ითამაშა. კვარაცხელიამ ლაციოსთან რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში გოლებიც დაბრუნდება. მთავარია, ის ჯანმრთელად იყოს. ლაციოსთან ნამდვილად არ იყო მზად, რომ შეუცვლელად ეთამაშა, თუმცა, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული სრული თამაშები ჩვენთვის კარგი სიახლეა. ახლა, ის ფიზიკურად მზად არის, რომ მინდორზე 90 წუთი გაატაროს”.

კვარაცხელიას შესახებ დაწერა La Gazzetta dello Sport-მაც, რომელმაც უახლოეს ტურებს ქართველი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

"ძველი კვარაცხელია სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას ნამდვილად აქვს ტალანტი, რომელსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ გარსიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ხვიჩამ ისევ შესძლოს საკუთარი შესაძლებლობების რაც შეიძლება მალე წარმოჩენა. გარკვეული ფიზიკური პრობლემების გამო, მას ცუდი პერიოდი გაუგრძელდა და უდავოა, თავადაც ძალიან სურს რეაბილიტაცია მოახდინოს. თუკი შედეგიანი ქმედებით თავი ვერც ჯენოასთან გამოიჩინა, ნაპოლის მაისურით მისი უკანასკნელი გოლიდან უკვე 6 თვე იქნება გასული. კვარაცხელიამ ბოლოს 19 მარტს ტორინოს გაუტანა. ეს ძალიან ხანგრძლივი პაუზაა".

ჯენოასა და ნაპოლის მატჩი 16 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონ ნაპოლის 3 ტურში 6 ქულა აქვს და სერია A-ში მე-6 ადგილზე იმყოფება, ჯენოა კი 3 ქულით მე-14 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია და ერთადერთი საგოლე პასი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები