Thumbnail

'მშობლების დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ' - დანა უაითმა მაფიაზეც ისაუბრა

  • დანა უაითმა პირს მორგანთან გულახდილად ილაპარაკა
  • UFC-ის ბოსმა განაცხადა, რომ ძალიან ცუდი მშობლები ჰყავდა

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი სტუმრად პირს მორგანის იუთუბ არხ “Piers Morgan Uncensored-ში” ეწვია და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. 54 წლის პრომოუტერმა მშობლების თემაზე დასმულ კითხვებსაც არ აარიდა თავი. 

დანა უაითმა მასაჩუსეტსის მაფიის ბოსის ხალხთან კონფლიქტი და დონალდ ტრამპის მხარდაჭერაც გაიხსენა.

მშობლებზე: დიახ, მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო, დედამ კოლეჯი მიატოვა. მათზე კარგის თქმა არ შემიძლია, მასწავლეს, როგორი მშობელი არ უნდა ვყოფილიყავი - დედაჩემმა დამანახა როგორია ცუდი დედა, მამაჩემმა კი ის, თუ რას ნიშნავს არ გყავდეს მამა. სიმართლე გითხრათ, ჩემს ბავშვობაში არაფერს შევცვლიდი, რადგან სწორედ მათი დამსახურებით ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ბუნებრივია, მშობლების სიყვარული მაკლდა, რასაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი ვერც კი ხედავს, თუმცა არაფერზე ვდარდობ. ორივე მშობელი ცოტა ხნის წინ გარდამეცვალა, არცერთის დასაფლავებაზე არ ვყოფილვარ, თუმცა მამაჩემის დაკრძალვის ხარჯები მე გადავიხადე, დედაჩემსა და მის სანათესავოსთან არანაირი კავშირი არ მქონია. ცხოვრებაში შეცდომის დაშვების უფლება ყველა საქმეში გაქვს, სპორტში, ბიზნესში, მაგრამ, როგორც მშობელმა, შეცდომა არასდროს უნდა დაუშვა. ვცდილობ, ჩემი შვილებისთვის საუკეთესო მამა ვიყო. 

ლას ვეგასში გადასვლაზე: 90-იანების დასაწყისში ბოსტონში სხვა რეალობა იდგა. ძალიან ბევრ რამეს უაითი ბალგერი (ამერიკულ-ირლანდიური მაფიის ბოსი) და მისი ხალხი აკონტროლებდა. მასაჩუსეტსის დატოვება ბალგერის ერთ-ერთ ტიპთან კონფლიქტის გამო მომიწია, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მათი ვალი მქონდა, მე, კი განსხვავებულ აზრზე ვიყავი. 2500 დოლარს მთხოვდნენ, მაგრამ მაშინ ეს თანხა ჩემთვის ძალიან დიდ ოდენობას ნიშნავდა. გასაგები იყო, რა მოხდებოდა ფულის გადახდაზე რომ უარს ვიტყოდი, ამიტომ 1995 წლის ზაფხულში ლას ვეგასში გადმოვედი. მას შემდეგ, ბალგერზე ძებნა გამოცხადდა და ჩემთვის აღარ ეცალა. ახლა, კი ბოსტონი ის ქალაქი აღარ არის - ცოტა ხნის წინ იქ UFC-ის ღონისძიება ჩავატარეთ, უკვე სულ სხვა რეალობა დგას.

UFC-ის დასაწყისზე: ორგანიზაცია 2 მილიონად ვიყიდეთ და დიახ, ახლა მისი ფასი 20 მილიარდი დოლარია. წინა მფლობელმა ყველაფერი გაანიავა, რომ მოვედით, 15-მდე კონტრაქტი და ერთი ხის ოქტაგონი გვქონდა, თუმცა ხედვა გაგვაჩნდა და ვიცოდით, რისი და როგორ გაკეთება გვინდოდა. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდით, შეგვეძლო, რომ MMA-ის მსოფლიოში ნომერ პირველ სპორტად ქცევა შეგვეძლო. არ აქვს მნიშვნელობა კანის ფერს, ეროვნებას, იმას, თუ რა ენაზე საუბრობ - ჩხუბი ყველა ერისა და ადამიანის დნმ-შია, რადგან ასეთია ადამიანი. 

მაკკეინსა და ტრამპზე: სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი მოითხოვა ყველა შტატში MMA-ის აკრძალვა, მაგრამ ამისი მიზეზიც ჰქონდა - მას სურდა, რომ შერეული ორთაბრძოლები სპორტული კომისიების მიერ რეგულირებული სპორტი ყოფილიყო. ჩვენ მის ამ პოზიციას ვეთანხმებოდით და გვსურდა, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სპორტის ამ სახეობას უნივერსალური წესები მთელს მსოფლიოში ჰქონოდა. ეს პროცესი მანამ მიმდინარეობდა, სანამ UFC-ის ვიყიდდით, შემდეგ დონალდ ტრამპი გამოჩნდა. იმ პერიოდისთვის არენები ჩვენი ღონისძიების მასპინძლობაზე უარს გვეუბნებოდნენ, ტრამპმა კი, ივენთის მის კაზინოში ჩატარების უფლება მოგვცა და ბრძოლებსაც დაესწრო. მას შემდეგ, ჩემს კარიერაში არ ყოფილა ერთი კარგი მომენტიც კი, დონალდს რომ არ დაერეკა და მოელოცა. არ ვიცი სხვა რას ფიქრობს, მაგრამ მე ადამიანებს ჩემთან ურთიერთობით ვაფასებ და გაცნობის დღიდან, დონალდ ტრამპი ჩემი ერთგული მეგობარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები