Thumbnail
  • 'მეტოქე ეცდება თამაში არიოს, ჩვენ კი მშვიდი სტილი გვაწყობს'
  • ლევან მაისაშვილისა და თედო აბჟანდაძის კომენტარები მსოფლიო თასის მე-2 ტურის წინ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მზადებას განაგრძობს მსოფლიო თასის მე-2 ტურის მატჩისთვის, რომელშიც მეტოქე პორტუგალია იქნება. მომდევნო თამაშის შესახებ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ლა როშელში დაბრუნების შემდეგ, გუნდი 3 დღე დავასვენეთ და თავდაპირველად დაბალი ინტენსივობის ვარჯიში გვქონდა, შემდეგ კი, ტემპი ავწიეთ. კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება და შემდეგ კიდევ ორ დღეს დავისვენებთ. რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე გვყავს, თუმცა, სერიოზული ტრავმები ნამდვილად არაა. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით იქნება. თუ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ავსტრალიასთან მატჩს, უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ვერ შევძელით იმის ჩვენება, რაც გვინდოდა. მეტოქემ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ის, რაც გეგმაში გვქონდა, ვერ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, ამის ანალიზი უკვე გავაკეთეთ. ახლა, აბსოლუტურად სხვა გუნდს ვეთამაშებით, ამდენად, ის შეცდომები უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ მომავალ მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.

პორტუგალიისგან ველით ყველაფერს, რაც კი მათ რესურსში არის. მეტოქემ კარგად იცის, რომ ჩვენთან რაიმე მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს, იქნება ეს დაცვაში თუ შეტევაში თამაში, ფეხით თამაში, სწრაფი გათამაშებები... თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პორტუგალიამ ამის რეპეტიცია რაგბი ევროპის ფინალში სცადა. იქ ეს არ გამოუვიდათ, რადგანაც ჩვენ გაცილებით სოლიდურად გამოვიყურებოდით, მაგრამ სულ სხვაა მსოფლიო თასი, აქ სხვა გუნდი ეყოლებათ და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ნაკრები პირველ რიგში სწორედ ჩვენთან მატჩისთვის ემზადება და ჩვენთან მოგებას უმიზნებს. ამ ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვეცდებით მათ ჩვენი ძლიერი მხარეები დავახვედროთ და სრული კონცენტრაციით ვეთამაშოთ".

საქართველოს ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება
📷 | ირაკლი ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირი

თედო აბჟანდაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "რა თქმა უნდა, თუკი პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო თასზე ვინმესთან მოგებაზე ფიქრობს, უმთავრესი სამიზნე სწორედ ჩვენ ვართ. არ უნდა დავივიწყოთ ბოლო ორი რაგბი ევროპის ტურნირი, სადაც უკვე ამბიციები ჰქონდათ და საქართველოს დამარცხებას გეგმავდნენ. ბოლოს ფინალშიც გვეთამაშნენ. შესაბამისად, ველით, რომ უფრო გახსნილ თამაშს შემოგვთავაზებენ, ეცდებიან, შეხვედრა არიონ, რადგანაც დალაგებული სტილი ნამდვილად არ აწყობთ. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვეცდებით უფრო მშვიდ სტილში ვითამაშოთ, რამაც შედეგი ბოლო მატჩებშიც მოგვიტანა და ვეცდებით, ახლაც იგივე გავაკეთოთ".

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ტურში ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, პორტუგალიას კი, 23 სექტემბერს, ტულუზში ეთამაშებიან. პორტუგალიის ნაკრები ტურნირში 16 სექტემბერს უელსთან მატჩით ჩაებმება, 17-ში კი ჩვენთვის საინტერესო C ჯგუფის კიდევ ერთი თამაშია: ავსტრალია – უელსი.

კომენტარები

ბოლო ამბები