Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა სომხეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.აღსანიშნავია,  რომ ეს მისთვის საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში, რაზეც მან ასევე ისაუბრა:

ავთანდილ ასათიანი: "ასეთი ამაყი, როგორიც დღეს ვარ, შეიძლება არასდროს ვიყო. ჩემს გუნდს ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. 100 თამაში იყო შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ამაზე დიდი პატივი მე არ ვიცი, რა უნდა იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმეში ერთი პატარა აგური მაინც მაქვს დადებული.

სომხეთი ძალიან რთული და ძლიერი მეტოქე იყო. რეალისტები ვიყოთ, ჯერ ძალიან შორია მსოფლიოს ჩემპიონატამდე, მიწაზე უნდა დავეშვათ. ეს იყო, უბრალოდ ერთი გამარჯვება, წინ ბევრი თამაშია, მათ შორის, ხუთ დღეში ძალიან ძნელი მატჩი პორტუგალიასთან. მთავარია, რომ ეს მუხტი შევინარჩუნოთ და თუ ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშზე, დარწმუნებული ვარ, ერთად ყველას დავამარცხებთ.

საქართველოს ნაკრები ევროპაში მეცხრე ადგილზეა, რაც ძალიან საამაყოა. მარტო დღევანდელი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, შემდეგ შესარჩევებზე ეს ძალიან დიდ შვებას მოგვცემს. ბევრად უფრო უკეთეს კალათაში ვიქნებით, რაც ალბათობაა იმის, რომ შედარებით სუსტი ნაკრები შეგვხვდეს. ეს შედეგი გუნდურობის დამსახურებაა, ერთი მეორის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ".

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ირაკლი თოდუამ, რომელმაც მეტოქის კარში გოლიც გაიტანა.

ირაკლი თოდუა: "რა თქმა უნდა, სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, დაიმატეს ბრაზილიელი ლეგიონერები და გაძლიერდნენ. ეს გამოჩნდა კიდევაც, თანაბარი თამაში იყო. უმნიშვნელოვანესი იყო დღეს გამარჯვება, პირველი თამაშის გეგმა შევასრულეთ. მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ, მაგრამ გზა გრძელდება და რთულ ჯგუფში მაქსიმუმს გავაკეთებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად".

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 5 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები ავტომატურად მოიპოვებენ, გარდა ამისა, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფის მეშვეობით კიდევ ორ გუნდს გამოავლენს, რომელიც მსოფლიოზე გავა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, სტუმრად პორტუგალიასთან ჩაატარებს, ჯგუფში ასევეა ფინეთის ნაკრებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები