Thumbnail

'აქ ამდენს არავინ დაგაცდის' - ჩავი ჩემპიონთა ლიგაზე, პეპსა და სიტიზე

  • ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა პარალელი მანჩესტერ სიტისთან გაავლო
  • სპეციალისტის თქმით, კატალონიურ კლუბში შედეგს უფრო სწრაფად ითხოვენ
  • ჩავი ბარსელონასთან ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს 

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პარალელი ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილ მანჩესტერ სიტისთან გაავლო, რომელიც, კატალონიური კლუბის მსგავსად, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მაგრამ მიზანს წინა სეზონში მიაღწია.

ბარსელონამ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირში გამარჯვება ბოლოს 2015 წელს მოახერხა, მანჩესტერ სიტიმ კი იგივე 2023 წელს შეძლო, როდესაც ფინალში მილანის ინტერს აჯობა (1:0) და ტიტული ისტორიაში პირველად დაისაკუთრა. ცნობისთვის, ხოსეპ გვარდიოლას ამისთვის კლუბში 6-წლიანი მუშაობა დასჭირდა.  

ჩავიმ ბარსელონას მწვრთნელის რანგში 2 ტიტული მოიგო

"აქ მსგავსი მოთმინებით არ გამოირჩევიან. ბარსელონას არაფერი აქვს საერთო მანჩესტერ სიტისთან. და ეს გვარდიოლამაც კარგად იცის. თქვენ ჩემგან გამარჯვებებს ითხოვთ. მესმის, რომ მოგება შედეგია კარგი თამაშის, თუმცა გასულ სეზონში ბრწყინვალედ ვითამაშეთ ბაიერნთან, მაგრამ ანგარიშით 0:2 წავაგეთ და მაშინ მეუბნებოდით, რომ მთავარი შედეგი იყო. აქ იმდენს არავინ დაგაცდის, რამდენსაც სხვა კლუბებში დაგაცდიან", - აქვეყნებს ჩავის სიტყვებს ესპანური მედია. 

ჩავი ბარსელონას 2021 წლის ნოემბრიდან წვრთნის და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა წინა სეზონში ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვეს და ქვეყნის სუპერთასი მოიგეს. ჩავი ამბობს, რომ კლუბი სულ მასე მასთან კონტრაქტის ერთი წლით გახანაგრძლივების შესახებ გამოაცხადებს:

"ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგები. თუკი სეზონის ბოლოს არ არსებობს მკაფიო მიზნები, არ ღირს ხანგრძლივი კონტრაქტის დადება. უნდა იბრძოლო, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე წელიწადი დაჰყო. საუბარია თამაშის ხარისხსა და ტიტულებზე. არასდროს გავხდები კლუბისთვის პრობლემა. თუკი დავინახავთ, რომ ჩემი მეთოდები არ მუშაობს, წავალ. ჯერჯერობით კი ჩემი სამუშაო სიხარულს მგვრის, ჩვენი პროექტი კვლავაც აქტუალურია. კონტრაქტის გაგრძელების შესახებ რამდენიმე დღეში გამოცხადდება", - თქვა ჩავიმ.

ჩავი კატალონელებთან 2025 წლის ზაფხულამდე რჩება

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის საწყის 4 შეხვედრაში 10 ქულა მოიპოვა და მხოლოდ ლიდერ რეალს (12 ქულა) ჩამორჩება. ჩავის გუნდს მომდევნო მატჩის ჩატარება ლა ლიგაში 16 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, ბეტისთან უწევს, ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში გამოსვლას კი ბარსა 19 სექტემბერს, ანტვერპერთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები