Thumbnail
  • ბელგიური Eleven Sports-ის კომენტატორები აიაქსის ქართველ ახალწვეულზე
  • იურუნ როპე და დეივ პიტერსი მიქაუტაძეს სერენში თამაშიდან კარგად იცნობენ

გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამში აიაქსში ჯერ მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. 22 წლის ქართველ თავდამსხმელს, რომელმაც თავის ბომბარდირული თვისებები ჯერ ბელგიურ სერენში, შემდეგ კი ფრანგულ მეცში წარმოაჩინა, ნიდერლანდურ გრანდში დებიუტი სტუმრად სიტადრთან შეხვედრაში (0:0) ჰქონდა. 

აიაქსის მესვეურებსა თუ გულშემატკივრებს მიქაუტაძის სჯერათ და იმედია, გიორგიც, რომელშიც ამსტერდამელებმა 16 მილიონი ევრო გადაიხადეს, თავის შესაძლებლობებს მალე წარმოაჩენს. იქამდე კი აიაქსის მხარდამჭერმა საიტმა Ajax Showtime-მა თავის მკითხველს ქართველ თავდამსხმელზე ბელგიური Eleven Sports-ის კომენტატორების შეხედულებები გააცნო, რომლებიც მიქაუტაძეს სერენში თამაშის პერიოდიდან საკმაოდ კარგად იცნობენ.  

გიორგი მიქაუტაძემ მეცი ლიგა 2-იდან საფრანგეთის ელიტაში აიყვანა

იურუნ როპე: "ის ნამდვილი მკვლელი, გოლების მანქანაა. რისკავს და მცირეოდენ შანსსაც კი იყენებს. ერთადერთი, რაც მას შეიძლება დაუწუნოთ, მისი მოჭარბებული ეგოიზმია, მაგრამ როცა მის გოლებს ნახავთ, მის დადანაშაულებას ვეღარ შეძლებთ. მისი ადგილი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეა. ყველაზე ეფექტური ის სწორედ მეტოქის საჯარიმოშია, სადაც ყოველთვის ახერხებს დარტყმას და გატანას. 

იმ სეზონში, როდესაც მიქაუტაძე სერენში გამოჩნდა, გუნდი საერთოდ არ იყო აღზევების კანდიდატი, მაგრამ ელიტაში გადასვლა სწორედ გიორგის წყალობით მოახერხა და იქაც რომ შეინარჩუნა ადგილი, დიდწილად ამ თავდამსხმელის დამსახურება იყო. მისი მეცში წასვლის შემდეგ, სერენი ბანქოს სახლივით ჩამოიშალა და ქვედა ლიგაში გავარდა.

ის ყოველთვის თავდაჯერებულია და ამ თვისებით იბრაჰიმოვიჩსაც კი მაგონებს. ამასთან, ის ნამდვილად არ არის მუშა ცხენი და ეს ის დეტალია, რაშიც შესაძლოა მას მომატება სჭირდებოდეს. თუმცა, არ მინახავს მისი მუშაობა მეცში, სადაც გასულ სეზონში გამოდიოდა. ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და შესაძლოა, ამ მხრივ მას შარშან უკვე ჰქონდა პროგრესი".

ქართველმა ფორვარდმა ორი სეზონი იჯარით ბელგიაში გაატარა

დეივ პიტერსი: "სერენისთვის ძალიან რთულ სეზონში მიქაუტაძე წარმოუდგენლად ცივსისხლიანი იყო. ის ნამდვილი ფინიშერია, რომელიც გოლებისთვის ცხოვრობს. იცის, როგორ უნდა მიიღოს ბურთი, მაგრამ არასდროს ურტყამს ისე, უბრალოდ. ამას მხოლოდ მათემატიკური სიზუსტით ასრულებს. ის ბურთზე ფეხით ზუსტად ისე ზემოქმედებს, როგორც ამას ტვინი კარნახობს და ეს არცთუ ბევრ თავდამსხმელს შეუძლია. მას გოლის გასატანად არ სჭირდება სივრცე, ურტყამს ყველაფრით… დარტყმის ოსტატობით მიქაუტაძე ნამდვილი მეფე, იმპერატორი და ადმირალია… მე ამ ბიჭის ნამდვილი ფანი ვარ და ვფიქრობ, რომ ის არაჩვეულებრივად მაგარი მოთამაშეა. 

ჩემი აზრით, ის კლასიკური ცენტრფორვარდია, რომელსაც მიზნის მისაღწევად ბევრი არაფერი სჭირდება. სისწრაფის და ტექნიკის წყალობით, მას ფლანგებზეც შეუძლია ეფექტურად მოქმედება, მაგრამ აჯობებს, თუკი მას ადგილს საჯარიმოში მივუჩენთ.  

რა თქმა უნდა, აიაქსი გაცილებით მაღალი დონეა. აქ ტემპიც უფრო მაღალია, შესაბამისად, რაღაც-რაღაცების გაკეთება გაცილებით სწრაფად არის საჭირო, თუმცა, საერთოდ არ ვღელავ იმის გამო, რომ მიქაუტაძეს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და დარტყმის შესრულების მხრივ რაიმე პრობლემა ექნება. ვფიქრობ, ის ამ დონეზეც ითამაშებს". 

აიაქსში გიორგი მიქაუტაძეზე დიდ იმედებს ამყარებენ

გიორგი მიქაუტაძე ლიონის აკადემიის აღზრდილია, საიდანაც მოგვიანებით მეცში აღმოჩნდა. 2020-22 წლებში თავდამსხმელი იჯარით ბელგიურ სერენში გამოდიოდა, რომლის მაისურით 49 მატჩში 28 გოლი შეაგდო. ფრანგულ კლუბში დაბრუნებულმა კი ლიგა 2-ში 23 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა, კლუბი კი ლიგა 1-ში აიყვანა. მიქაუტაძემ საფრანგეთის ელიტურ ლიგაში გამოსვლაც ძალიან მაგრად დაიწყო - სამ ტურში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასი იყო, შემდეგ კი ამსტერდამის აიაქსში გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები