Thumbnail
  • სოფიაში მშვილდოსნობაში ევროპის გრან პრი გაიმართა
  • საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდური ტურნირი მოიგო

ბულგარეთში მშვილდოსნობაში ევროპის გრან პრი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე. სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა 1828 ქულით. 

საქართველოს ნაკრები პოდიუმზე

პლეი ოფის პირველ წრეში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს ეგრეთ წოდებულ გადასროლაში 5:4 მოუგო (ძირითადი დრო 2:2 დასრულდა). გადასროლაში სამივე სპორტსმენი მხოლოდ თითო ისარს ისვრის, გადამწყვეტი გადასროლა 26:24 დასრულდა. ესტონეთის ნაკრები პლეი ოფში მე-8 ნომრით იყო შესული.

მეოთხედფინალში უკრაინასთან მატჩი, როგორც ძირითადი სერია, ისე გადასროლა ფრედ დასრულდა. საბოლოოდ დამატებითი მაჩვენებლით გამოვლინდა ნახევარფინალისტი, ვინაიდან საქართველოს ნაკრების ისრები გადასროლაში ათიანთან უფრო ახლოს იყო, ნახევარფინალშიც ჩვენი სამეული გავიდა. 

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსი იყო. ეს ნაკრები საკვალიფიკაციო სროლებში მე-4 ადგილზე გავიდა და ნახევარფინალის ფავორიტიც იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ყველაზე იოლად სწორედ ბელარუსი დაამარცხა - 6:2. არადა, ბელარუსმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონი რუსეთი ასეთივე ანგარიშით დაამარცხა. 

ფინალს უწია საკვალიფიკაციოში მე-2 ადგილზე გასულმა იაპონიის ნაკრებმა, რომელსაც შედარებით იოლი ბადე შეხვდა ფინალამდე. მიუხედავად იმისა, რომ აზიელებმა ძალიან იოლად გაიარეს პლეი ოფი, ხოლო საქართველოს ნაკრებს სამიდან 2 შემთხვევაში გადასროლები დასჭირდა, ჩვენმა გუნდმა 5:3 იმარჯვა და ევროპის გრან პრიც მოიგო. 

ესტონეთთან მატჩი

ორი წრე გაიარეს

სოფიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმაც იასპარეზა (ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი). ტრიომ საკვალიფიკაციოში 1915 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა. 
პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასეთივე ანგარიშით დათმო ჰოლანდიასთან. 

ქრისტინე ესებუა

შერეულ წყვილებში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ 1272 ქულით კვალიფიკაცია მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველ წრეში საქართველოს ნაკრებმა მიქსში საბერძნეთს 5:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსეთთან 1:5 დათმო. 

რაც შეეხება პირად პირველობას, ქართველმა ქალებმა და მოსეშვილმა 1/16 ფინალამდე მიაღწიეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები