Thumbnail

პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! გენომ ლიცენზიაც მოიპოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გენო პეტრიაშვილი 4 ბრძოლა მოიგო და ფინალში ირანელ ამირ ზარეს შეხვდება
  • ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს შოთა ფარტენაძე

ბელგრადში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება, გენო პეტრიაშვილი (+125 კგ) კი ფინალშია.

ქართველმა ფალავანმა ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო. მას ასპარეზობის დაწყება კვალიფიკაციიდან მოუწია, სადაც ბალი სოუ ადვილად, 9:3 დაამარცხა, მერე აბდულა კურბანოვს აჯობა (6:5), რასაც მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანთან გამარჯვება მოჰყვა (3:1). ნახევარფინალში გენოს მეტოქე ამერიკელი მეისონ მარკ პერისი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე გაკეთებული გდებით 8:6 სძლია.

პეტრიაშვილმა უკვე გაინაღდა ოლიმპიადის ლიცენზია, ფინალში კი 17 სექტემბერს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. გენოს 3-ჯერ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული, შესაბამისად, მეოთხედ ეცდება პლანეტის საუკეთესო მოჭიდავის სახელის მოპოვებას.


ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა ფარტენაძეს, რომელმაც ანდრე ბეკრენუ (5:0) და ჯაჰონგირმირზა ტურუბოვი (5:3) დაამარცხა, თუმცა, ნახევარფინალში აბასგაჯი მაგომედოვთან შანსი არ ჰქონია (0:10). ამგვარად, კვირას ის ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, მეტოქეც ხვალ გაირკვევა.

უმედლოდ დარჩნენ ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და გიორგი ელბაქიძე (70 კგ). გაფრინაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო იაპონელ რასულ ხიაიუსთან - 2:6, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟის ტურნირს მიღმა დარჩა. ელბაქიძემ თავიდან ტემულენ ენხტუაიას მოუგო (8:2), თუმცა ეგვიპტელ ამრ ჰუსენთან წააგო (4:14), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და გიორგისაც მედლის შანსი აღარ აქვს.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემ ბოლქვაძე (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები