- ინგლისელი ფეხბურთელის მომავალი მანჩესტერში ბუნდოვანია
- 23 წლის ჯეიდონ სანჩოს დამატებით ბარსელონაა დაინტერესებული
მანჩესტერ იუნაიტედის ინგლისელმა ვინგერმა, ჯეიდონ სანჩომ, შესაძლოა, კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს, - ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური Sport ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 23 წლის ფეხბურთელს კლუბთან და მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც ის განცალკევებულად ვარჯიშობს. მისი მომავალი "წითელ ეშმაკებში" ბუნდოვანია, რადგან როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, დარწმუნებული არაა, მოირგებს თუ არა სანჩო კვლავ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისელი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს, მაგრამ დაბრკოლება მისი გამოსასყიდი თანხაა. 2021 წელს იუნაიტედმა ის 70 მილიონ ფუნტად შეიძინა, ამიტომ, დიდი ალბათობით, კატალონიელები მას იჯარის სახით დაიმატებენ, რაც ორივე მხარის ინტერესშია.
სანჩომ მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა შემადგენლობაში 3 შეხვედრა ჩაატარა. ტენ ჰაგის გუნდში კი პრობლემები ისევ გრძელდება - სანჩოსთან ერთად, კლუბმა, სავარაუდოდ, დიდი ხნით ანტონი დაკარგა, რომლის წინააღმდეგაც სქესობრივი ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.
ამ ყველაფრის ფონზე კი მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ოლდ ტრაფორდის ბინადრები ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებაზე ფიქრობენ.
კომენტარები