Thumbnail
  • მარლონ ვერამ ESPN-თან საჩემპიონო ამბიციებსა და მომავალზე ისაუბრა
  • ჩიტოს აზრით, ქამარზე ბრძოლას მერაბ დვალიშვილი და კორი სანდჰეგენი იმსახურებენ

UFC-ის ეკვადორელმა მებრძოლმა მარლონ ჩიტო ვერამ ESPN-თან სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის შონ ო’მალისთან მატჩს დეკემბრისთვის ელოდება, თუმცა ორგანიზაციიდან ჯერ ინფორმაცია არ მიუღია.

ჩიტო სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს და ბოლოდროინდელი ასპარეზობის მიხედვით ქამარზე ჩხუბს არ იმსახურებს, თუმცა მასთან ბრძოლა ჩემპიონს სურს. ეკვადორელი ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც შონ ო’მალი დაამარცხა, თან ტექნიკური ნოკაუტით.

"ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია, ვფიქრობ, მე და "შუგას" ჩხუბი ისევ გვინდა. სანამ UFC-ის სურვილიც არსებობს, მიმაჩნია, რომ ამ მატჩის ორგანიზება დროის საკითხია. მე დეკემბერში საბრძოლველად ვემზადები, კარგ ფორმაში ვარ, ვსპარინგობ. თუ სატიტულო ჩხუბი მომცეს, ეს დაუჯერებლად კარგი იქნება, მაგრამ თუ არა, ვნახოთ ვინ მეყოლება შემდეგ მეტოქედ.

დამსახურებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დივიზიონში ორი ბიჭია, რომლებიც ქამარზე ბრძოლას სამართლიანად იმსახურებენ - მერაბ დვალიშვილი და კორი სანდჰეგენი. თუმცა, იმის გამო ჩემპიონი დამარცხებული მყავს, მას ჩემთან ჩხუბი სურს. ვიცი, UFC მოლაპარაკებებს აწარმოებს და ხშირად მომხდარა, რომ რიგი გამოუტოვებიათ და სატიტულო მატჩი სხვისთვის მიუციათ. მე ძალიან მინდა, რომ ქამარზე ჩხუბი მივიღო, ასეთი ეგო მაქვს და ვცდილობ ამ მიზნის მისაღწევად სწორად ვიმოქმედო," - თქვა ვერამ. 

ეკვადორელი UFC-ში 2014 წლიდან ჩხუბობს და ამ პერიოდში 15 ბრძოლა მოიგო, 7-ჯერ დამარცხდა. ორგანიზაციაში გატარებულ 9-წლიან პერიოდში საჩემპიონო ჩხუბის მიღებასთან ყველაზე ახლოს ახლა არის, ჩიტოს კარიერაში დივიზიონის ტოპ 5-ის მებრძოლი არასდროს დაუმარცხებია და 1 თვის წინ მეათეადგილოსან პედრო მუნიოსს (20-8) სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები