- ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ამჯერადაც არავის დაუთმო
- საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
საუდის არაბეთში დღეს დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც გასაკვირი არ არის, რომ ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დაიხურა.
+109 კგ წონით კატეგორიაში ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა კონკურენტებს შანსი არც ამჯერად მისცა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა. მან ოქროს მედალი, როგორც ორჭიდში, ისე ატაცსა და აკვრაში დაისაკუთრა.
ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა, დააფიქსირა რა, 208, 215 და 220 კგ. ატაცში მე-2 ადგილი გორ მინასიანმა დაიკავა 213 კგ-ით, ხოლო მესამეზე ვარაზდათ ლალაიანი აღმოჩნდა (212 კგ).
აკვრაში ტალახაძემ ორი ცდა გამოიყენა. ჯერ 245 კგ-იანი შტანგა ასწია, შემდეგ 253 კგ-საც გაუმკლავდა. მართალია, მესამე ცდაზე ლაშამ 260 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო. აკვრაში ვერცხლი სიმონ მარტიროსიანმა მოიპოვა (250 კგ), ბრინჯაო - ალი დავუდმა (249)
ატაცი: 208 კგ ✅, 215 კგ ✅, 220 კგ ✅
აკვრა: 245 კგ ✅, 253 კგ ✅, 260 კგ ❌
ორჭიდში ტალახაძემ 473 კგ-ით მოახერხა პირველობა. ვერცხლი ერგო ვარაზდათ ლალაიანს, რომელმაც ჯამში 460 კგ დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაო გორ მინასიანს (459 კგ).
ამგვარად, ლაშა ტალახაძე კარიერაში მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ის ასევე 7-გზის ევროპის ჩემპიონია, ორჯერ კი ოლიმპიადაზე აქვს ოქროს მედალი მოპოვებული. ტალახაძე ოლიმპიურ სახეობებში პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 7-ჯერ ფლობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორიაში მე-4 ძალოსანი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 7-ჯერ მოიპოვა.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არცთუ ისე წარმატებული გამოვიდა. ლაშა ტალახაძის გარდა, მედალი მხოლოდ შოთა მიშველიძემ მოიპოვა, რომელიც ატაცში დაეუფლა ბრინჯაოს.
კომენტარები