- ტვენტე 3:1 აიაქსი
- მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე იყო და 64-ე წუთზე შეიყვანეს
გიორგი მიქაუტაძის ნიდერლანდური კარიერა კვლავ გოლის გარეშე გრძელდება. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდი, ამსტერდამის აიაქსი სტუმრად ტვენტეს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ნიდერლანდური გრანდი ძალიან ცუდად გამოიყურება, რაც ზედიზედ ორი მატჩია თვალსაჩინოა, განსაკუთრებით გუნდი ძალიან სუსტია დაცვაში, სადაც ფეხბურთელები არაერთ შეცდომას უშვებენ.
ტვენტესთან მატჩში მიქაუტაძე მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.
რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმის მე-7 წუთზე ტვენტემ ანგარიში გახსნა - ვლაპის დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი დაან როტსმა გაიტანა. 4 წუთში მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს, ამჯერადაც ამსტერდამელთა დაცვის ხაზი ჩავარდა, სადილეკის დარტყმის შემდეგ მეკარის მოგერიებული ბურთი კვლავ ტვენტეს ფეხბურთელმა, უგალდემ მიიღო, რომელმაც ცარიელ კარებთან სემ სტეინი დატოვა (აიაქსის მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის შვილია). 35-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს - ფლანგიდან სოსას ჩაწოდების შემდეგ ყველას ბრობიმ დაასწრო და გოლიც გაიტანა.

მეორე ტაიმი თითქმის იგივე სცენარით წარიმართა. აიაქსი მომენტებს ვერ ქმნიდა, ტვენტე კი უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა და ერთადერთი გოლიც მასპინძლებმა გაიტანეს - 79-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ნასი უნუვარმა დააფიქსირა, რომელიც ერთი ერთზე გავიდა და მეკარეს აჯობა.
ამრიგად, ამსტერდამულ გუნდს 4 თამაშში 5 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება. აიაქსი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს ევროპის ლიგაზე სახლში მარსელის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები