Thumbnail
  • ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში გავიდა, მირიან მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
  • ორივე ფალავანი ხალიჩაზე მედლისთვის 18 სექტემბერს გავა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში გავიდა, ხოლო მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ლატვიელი ალანს ამიროვსი 8:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ყაზახ ბოლატ საკაიევს 8:2 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი, უკრაინელ ვასილ მიხაილოვთან 10:4 გაიმარჯვა. ამრიგად, ლადო ფინალშია და ოქროს მედლამდე ნაბიჯი აშორებს.

ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) უკრაინელი მიჰაილოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 17 სექტემბერი, 2023


92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ მერვედფინალში რუსტამ შოდიევი 10:0 დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში ბაბასაჰებ პატილთან გამარჯვება მოჰყვა (3:0) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ყაზახ რიზაბეკ აიტმუხანთან 1:9 დამარცხდა. შესაბამისად, მირიანი ორშაბათს ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ პირველივე წრეში ზაურბეკ სიდაკოვთან 6:7 წააგო. სიდაკოვი ფინალში გავიდა, რითაც კენჭაძე რეპეშაჟში გაიყოლა - ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისა და ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებს.

უმედლოდ დარჩა რობერტ დინგაშვილი (57 კგ), რომელმაც პირველივე ეტაპზე მაკედონიელ ვლადიმირ ეგოროვთან 2:4 წააგო, თავის მხრივ ფინალამდე მაკედონიელიც ვერ მივიდა და ქართველს რეპეშაჟის შანსიც არ მიეცა. აღსანიშნავია, რომ ეს წონაც ოლიმპიურია, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ლიცენზიისთვის ბრძოლა 57 კგ-ში მომავალში მოუწევს.

თავისუფალ ჭიდაობაში ორშაბათს დარჩენილ ორ წონით კატეგორიაში დაიწყება ასპარეზობა, საქართველოს ნაკრებს კი, ედემ ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) წარმოადგენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები