Thumbnail

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა მეოთხედ ვერ შეძლო. ქართველმა ფალავანმა ფინალი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან პრაქტიკულად უშანსოდ, 0:11 წააგო.

ზარემ ტაქტიკურად აშკარად დაჯაბნა ქართველი მოჭიდავე, რამდენჯერმე გაიყვანა ზონიდან, რითაც ქულები სტაბილურად დააგროვა და საბოლოოდ, გამარჯვებაც დაიმსახურა.

გენოს გზა ფინალამდე: ქართველმა ფალავანმა ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო. მას ასპარეზობის დაწყება კვალიფიკაციიდან მოუწია, სადაც ბალი სოუ ადვილად, 9:3 დაამარცხა, მერე აბდულა კურბანოვს აჯობა (6:5), რასაც მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანთან გამარჯვება მოჰყვა (3:1). ნახევარფინალში გენოს მეტოქე ამერიკელი მეისონ მარკ პერისი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე გაკეთებული გდებით 8:6 სძლია.

გენო პეტრიაშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-8 მედალი იყო: ის 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია (2017, 2018, 2019), 2021 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, როგორც დღეს, ხოლო 2013, 2015 და 2022 წლებში ბრინჯაოს დაეუფლა. პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

გენოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 მედალი აქვს მოპოვებული

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში გავიდა (79 კგ), ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) ორშაბათს ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

თავისუფალ ჭიდაობაში ორშაბათს დარჩენილ ორ წონით კატეგორიაში დაიწყება ასპარეზობა, საქართველოს ნაკრებს კი, ედემ ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) წარმოადგენენ. საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები