Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ვერ გაიტანა და ნაპოლიმაც ვერ მოიგო. სამაგიეროდ, ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი თამაში ავსტრიაში. უიკენდის მთავარი მოვლენები კი ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის მორიგი ტრიუმფი და თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც საქართველოს უკვე აქვს პირველი მედლები. გენო პეტრიაშვილისგან ოქროს ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. შაბათ-კვირის მთავარი ამბები "ორშაბათის საკითხავში":


ძალოსნობა | ტალახაძის ზედიზედ მე-7 ტრიუმფი

საუდის არაბეთში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დაიხურა. +109 კგ წონით კატეგორიაში ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა კონკურენტებს შანსი არც ამჯერად მისცა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა. მან ოქროს მედალი, როგორც ორჭიდში, ისე ატაცსა და აკვრაში დაისაკუთრა. ტალახაძე ოლიმპიურ სახეობებში პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 7-ჯერ ფლობს. გარდა ამისა: ისტორიაში მე-4 ძალოსანი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 7-ჯერ მოიპოვა.

📋 | ლაშა ტალახაძის ტრიუმფზე დეტალურად წაიკითხეთ აქ.

ჭიდაობა | ფარტენაძის ბრინჯაო, პეტრიაშვილის ვერცხლი

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველი მედალი შოთა ფარტენაძემ მოუტანა. 61 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი ფინალში ვერ გავიდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი უკრაინელ ვალენტინ ბლიასეცკის დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. ქართველმა 4-ქულიანი გდება მიითვალა და გამარჯვებაც მას ერგო. ფარტენაძემ მიმდინარე წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოახერხა ბრინჯაოს მედლების მოპოვება. ოქროს მედალს გენო პეტრიაშვილისგან ველოდით, რომელიც ფინალში გავიდა, მაგრამ ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან პრაქტიკულად უშანსოდ, 0:11 წააგო. აღსანიშნავია, რომ დღეს ვლადიმერ გამყრელიძე ფინალშია, მირიან მაისურაძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

📋 | ყველა სიახლე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახეთ აქ.

ფეხბურთი | კიტეიშვილმა ზალცბურგთან გაიბრწყინა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გრაცის შტურმი ზალცბურგს საკუთარ მოედანზე დაუზავდა (2:2), ოთარ კიტეიშვილმა კი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. ქართველმა ნახევარმცველმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. 53-ე წუთზე, როდესაც გრაცელები აგებდნენ (0:1), ოთარმა დაახლოებით 30 მეტრიდან ბრწყინვალე დარტყმით გასაოცრად ეფექტური გოლი შეაგდო და წონასწორობა აღადგინა. 10- წუთში კიტემ გოლს საგოლე პასი დაუმატა, როდესაც გატანაში მანპრიტ სარკარიას დაეხმარა. გრაცელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.

ფეხბურთი | კვარას თამაშის გამოხმაურება

ხვიჩა კვარაცხელიამ 89 წუთი ითამაშა, მაგრამ ჯენოასთან მატჩიც გოლისა და საგოლე პასის გარეშე დაასრულა. მისმა ნაპოლიმ 0:2-ის შემდეგ ქულა გადაარჩინა, რასპადორისა და პოლიტანოს გოლებით. იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კვარას შეცვლას და მის ჟესტს. ნაპოლის მწვრთნელ რუდი გარსიას ხვიჩას შეცვლის გამო აკრიტიკებენ, თუმცა აკრიტიკებენ ქართველ ფეხბურთელსაც.

📋 | რას წერენ და რას ამბობენ კვარაცხელიაზე იტალიაში, წაიკითხეთ აქ.

ფეხბურთი | მამარდაშვილის მშრალი მატჩი ატლეტიკოსთან

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში ვალენსიამ ატლეტიკოს 3:0 მოუგო, რომელსაც 9-წლიანი პაუზის მერე აჯობა. მადრიდულ გუნდთან ნანატრი გამარჯვების მთავარი გმირი უგო დურო იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, მაგრამ არც გიორგი მამარდაშვილი დარჩენილა პასიური, მან კარი მშრალად შეინახა და 3 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით რთული იყო ორი დარტყმა. ესპანურმა მედიამაც გიორგის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა

📋 | მიმოხილვა და მამარდაშვილის თამაშის გამოხმაურება ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები