Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს მსოფლიო თასის მე-2 მატჩისთვის, რომელიც პორტუგალიასთან არის დაგეგმილი. ბორჯღალოსნებმა მეტოქის პირველ შეხვედრას უყურეს და მათი თამაშის შესახებ გარკვეული აზრიც შეექმნათ.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "პირველი ტურის შემდეგ მცირე პერიოდი დავისვენეთ, შემდეგ 2 დღე საკმაოდ პროდუქტიული მზადება გვქონდა, ორშაბათიდან კი ვარჯიშებს განვაახლებთ და სრულად პორტუგალიასთან მატჩზე გადავერთვებით. ცხადია, მათ სასტარტო შეხვედრას ვუყურეთ და ჩვენს სავარჯიშო კვირას სწორედ მათ თამაშს მოვარგებთ.

როგორც ყოველთვის, პორტუგალიელები ამჯერადაც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩამოსულები, ფიზიკურად საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი და წინა მატჩში თითქმის 80 წუთი ძალიან აქტიურად ითამაშეს, თუმცა, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე უელსმა მაინც შესძლო უპირატესობის მოპოვება.

მიუხედავად ამისა, იმ შეხვედრაში იყო მომენტები, რაც პორტუგალიას წესითა და რიგით უნდა გამოეყენებინა. საუბარი მაქვს კარში ცუდ დარტყმაზე, რაც მათ არ ახასიათებთ. როგორც მახოვს, 9 ქულა ჯარიმებიდან დაკარგეს და 1 გარდასახვაც ვერ გაიტანეს. არადა, აღნიშნული ქულები რომ აეღოთ, სულ სხვა თამაში იქნებოდა, საერთო ჯამში, პორტუგალია კარგად გამოიყურება და ძალიან დიდი ყურადღება და მობილიზება გვმართებს”.

ლუკა მატკავა (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "მსოფლიო თასზე ყველა გუნდი ძალიან კარგად არის მომზადებული, როგორც ტექნიკურად, ასევე – ფიზიკურად. პორტუგალიის თამაშში ახალი არაფერი გვინახავს, მათ ბევრჯერ შევხვედრილვართ და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ და როგორ უნდა ვეთამაშოთ. დავინახეთ ის, რომ შეუძლიად ძალიან კარგად და სწრაფად თამაში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიას მსოფლიო თასზე თითო მატჩი აქვთ ჩატარებული, თუმცა, ჯერ ქულა არ აუღიათ. ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, "ლობუშმა" კი უელსი ვერ შეაჩერა – 8:28. ამ დროისთვის, C ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას კი 6-6 ქულა აქვთ. ქართულ-პორტუგალიური დაპირისპირება 23 სექტემბერს ტულუზში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები