Thumbnail

2-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი შტეფან კუნტცი თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ კუნტცს გაშვების შესახებ კვირას აცნობა. მანამდე თურქული მედიაც წერდა, რომ 60 წლის გერმანელის გაშვებას აპირებდნენ.

ისე გამოვიდა, რომ კუნტცი იაპონიასთან ტესტ-მატჩში მარცხის (2:4) შემდეგ გაუშვეს (ისევე, როგორც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ჰანსი ფლიკი). მანამდე, თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სომხეთთან ფრე (1:1) ითამაშა. არადა, თურქეთი ევრო 2024-ის შესარჩევში ცუდად არ თამაშობს - 5 მატჩის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილზეა იმდენივე ქულა აქვს (10), რამდენიც ლიდერ ხორვატიას. 

თურქული მედიის ინფორმაციით, ფედერაცია ახალ მწვრთნელს ამ კვირაში წარადგენს. ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად სხვა გერმანელი, იოახიმ ლიოვი მოიაზრება, რომელმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. კანდიდატია იტალიელი ვინჩენცო მონტელაც.

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელები: ჰანსი ფლიკი და იოახიმ ლიოვი

შეგახსენებთ, რომ დიდი შანსია, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში სწორედ თურქეთის ნაკრებს შეხვდეს. ეროვნულმა გუნდმა აღნიშნულ პლეი ოფში თამაშის უფლება ერთა ლიგიდან მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შესაძლო გზაზე პლეი ოფში დეტალურად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები