- ბორჯღალოსნებს მომდევნო მატჩში წარუმატებლობა ძალიან აზარალებთ
- 'ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ' - ბორჯღალოსნები პორტუგალიასთან მატჩზე
მსოფლიო რაგბიმ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და გასაკვირი არაა, რომ მასზე ყველაზე დიდი ზეგავლენა ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებთა მატჩის მოულოდნელმა შედეგმა იქონია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის მე-2 ტურში ფიჯიმ შესანიშნავად ითამაშა და ფავორიტის სტატუსის მქონე ავსტრალიელებს 22:15 სძლია.

შედეგად, "ვოლაბებმა" ერთბაშად 2.78 ქულა და 2 პოზიცია დაკარგეს და მე-9 ადგილამდე დაქვეითდნენ, მათ წინ კი უელსი და სწორედ ხსენებული ფიჯი აღმოჩნდნენ.
საინტერესოა, რომ სამივე ეს ნაკრები მსოფლიო თასის C ჯგუფში იმყოფება (ისევე, როგორც საქართველო და პორტუგალია) და უკვე ცხადია, მეოთხედფინალის საგზურებისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება.
კლასიფიკაციაში მე-13 ადგილზე ქართველი მორაგბეები მომდევნო თამაშს 23 სექტემბერს ჩაატარებენ და წარმატების შემთხვევაში, მცირე სარგებელს ნახავენ. თუკი მეტოქეს 15 ან ნაკლები ქულით ვაჯობეთ, 0.86 ქულა დაგვემატება, 15 ქულაზე მეტით გამარჯვება კი 1.29 ქულას მოგვცემს.
ცხადია, ამაზე ფიქრიც არ გვინდა, თუმცა, მაინც ვთქვათ, რომ პორტუგალიასთან წაგების შემთხვევაში, მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ პოზიციას დავკარგავთ და მე-15 ან მე-16 ადგილზე აღმოვჩნდებით.
ორივე შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მე-12 ადგილოსან იტალიას დაუახლოვდებიან, აპენინელების წინ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოვჩნდებით, თუკი ისინი ურუგვაისთან წააგებენ. მსოფლიო თასის მე-3 ტური 20 სექტემბერს სწორედ ამ მატჩით გაიხსნება და დიდი ალბათობით, ის გაირკვევა, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, A ჯგუფში მე-3 ადგილს რომელი გუნდი დაიკავებს.

მსოფლიო თასი 2023
მეორე ტური
საფრანგეთი – ურუგვაი 27:12
ახალი ზელანდია – ნამიბია 71:3
სამოა – ჩილე 43:10
უელსი – პორტუგალია 28:8
ირლანდია – ტონგა 59:16
სამხრეთ აფრიკა – რუმინეთი 76:0
ავსტრალია – ფიჯი 15:22
ინგლისი – იაპონია 34:12
მესამე ტური
იტალია – ურუგვაი
საფრანგეთი – ნამიბია
სამხრეთ აფრიკა – ირლანდია
შოტლანდია – ტონგა
საქართველო – პორტუგალია
უელსი – ავსტრალია
არგენტინა – სამოა
ინგლისი – ჩილე
კომენტარები