Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგას. იტალიური ნაპოლის ვარსკვლავს დაახლოებით ნახევარი წელია გოლი არ გაუტანია და კრიტიკოსებიც მოუმრავლდა. ამ ამბავს La Gazzetta dello Sport გამოეხმაურა სტატიით, რომელიც ასე დაასათაურა: "რა დაემართა კვარას? მას მოწყენილი ადამიანის სახე აქვს, რომელსაც არაფერი ახარებს". მისი გაცნობა ქართველი ქომაგებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ აქცენტები საკმაოდ სწორად არის დასმული:

"ბოლო პერიოდია, ქართველ ფეხბურთელს ვერ იცნობთ. მას ვეღარ გააქვს გოლები და ძალიან სჭირდება იმ ემოციების დაბრუნება, რომელიც ნაპოლისაც დიდ სარგებელს მოუტანს. ამას ემატება ხვიჩასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებშიც თითქოს დრამატული არაფერია, თუმცა, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, როდის ცვლიან ფეხბურთელს და როგორი რეაქცია აქვს მას მათზე.

დაახლოებით ერთი წლის წინ, კვარაცხელიასთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია გვქონდა. ლუჩანო სპალეტიმ ის სერია A-ს 4 სასტარტო მატჩიდან სამში შეცვალა, თუმცა, მაშინ ნამდვილად განსხვავებული რამ ხდებოდა. მწვრთნელი იტალიაში ახლადგადასულ ფეხბურთელს ადაპტაციაში ეხმარებოდა და სურდა, რომ ნიჭიერი მოთამაშე ტრავმებისგანაც დაეცვა, რათა მას სრულფასოვანი სეზონი ჩაეტარებინა. აი, მიმდინარე სეზონში, ჯერ - ლაციოსთან, შემდეგ კი, ჯენოასთან მატჩებში განხორციელებული ცვლილებების არსი ბევრმა ვერ გაიგო, როგორც სჩანს, ეს თავად კვარაცხელიასაც ეხება.

ხვიჩა ზოგადად თავაზიანი და მშვიდი ადამიანია, გარკვეულწილად, ჯარისკაცური მორჩილებითაც კი, ამდენად, ის ჟესტი, რომელიც შაბათს საღამოს გენუის სტადიონზე მისგან წამოვიდა, უმრავლესობისთვის სენსაციურიც კი იყო. მართალია, სათადარიგო სკამთან მისვლის შემდეგ, ის მწვრთნელ რუდი გარსიას მიესალმა და რაღაც ბუნტზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, გარკვეული იმედგაცრუება ნამდვილად სახეზე გახლდათ.

ეტაპობრივად მივყვეთ. მართლაც გაუგებარი იყო კვარას შეცვლა ლაციოსთან, როდესაც ნაპოლი აგებდა, მაურიციო სარის გუნდის დაცვაში ნაპრალების პოვნა კი ძალიან გართულებული იყო. რაც შეეხება ჯენოასთან თამაშს, საფინალო სასტვენამდე სულ რამდენიმე წუთი კი რჩებოდა, თუმცა, ნეაპოლელებს ანგარიში ახალი გათანაბრებული ჰქონდათ და შესაძლოა, შემტევ ტალღაზე კიდევ ერთხელ გაეტანათ...

ბოლო თვეებია, ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ თავს არ ჰგავს

ამავდროულად, კიდევ უფრო გაუგებარი იყო კვარაცხელიას შეცვლა ალესიო ძერბინით, როდესაც სათადარიგოთა სკამზე დანიელი იესპერ ლინდსტრომი გახლდათ, ბოლო საზაფხულო ფანჯრისას კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი. ეს ყველაფერი ნამდვილად ამძიმებს კვარაცხელიას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მოთამაშისა, რომელმაც ბოლო გოლი 19 მარტს ტორინოსთან გაიტანა, ზურგს კი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული უმაგრებს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამჟამინდელ კვარას ნაკლებად შეეფერება დაბოლოებები, რომლებიც მას თავის დროზე შეურჩიეს, იქნებოდა ეს "დონა" თუ "ვაჯიო". ბურთის ფლობის მისი მანერა ხომ მართლაც ყველას აჯადოებდა. ახლა, სხვა ვითარება გვაქვს და ნამდვილად არის შანსი, რომ ეს დიდი განძი, რომელიც გასულ ზაფხულს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ ფასდებოდა, გაუფასურდეს.

შესაძლოა, რთული პერიოდის უკან მოსატოვებლად საკმარისი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლი ან თუნდაც უბრალოდ მაგარი თამაში გამოდგეს, თუმცა, სიტუაციას კლუბში არსებული ვითარებაც ართულებს. ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხომ ჯიუტად უარობს ხვიჩას ტრანსფერის პირობების გადახედვას, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი. 

გასული სეზონის შედეგებით, კვარაცხელია "ოქროს ბურთის" მაძიებელთა სიაში მოხვდა, თუმცა, 30 კანდიდატს შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. უდავოა, რომ თავად ხვიჩა წარსული მატჩებიდან გამომდინარე, უფრო მეტ დაფასებას ელოდა".

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამ მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს, მოქმედ ჩემპიონ ნაპოლის კი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილი უკავია. ხვიჩას კლუბი იტალიაში მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს ბოლონიაში ჩაატარებს, 21-ში კი, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის თამაში ელის, პორტუგალიაში, ბრაგასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები