- ინგლისის ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრაში იაპონია დაამარცხა
- 56-ე წუთზე ინგლისელთა კაპიტანმა კურიოზული ლელო დადო
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის მეორე სათამაშო კვირა დასრულდა და ნაკრებები მომდევნო მატჩებისთვის ემზადებიან. გასული ტურის ბოლო შეხვედრაში ინგლისმა იაპონია 34:12 დაამარცხა და ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მატჩის მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო.
მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, როცა ანგარიში ინგლისის სასარგებლოდ 13:12 იყო, მათმა კაპიტანმა კერტნი ლოუსმა კურიოზული ლელო დადო - პასის დროს ჯო მარლერს ბურთი თავში მოხვდა და წინ გადავარდა, რა დროსაც ორივე გუნდის მოთამაშეები დაიბნენ და გაჩერდნენ, ამით კი, ლოუსმა ისარგებლა. ამაშუკელმა მოედნის გადაწყვეტილებად ლელო ჩათვალა, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესების მიხედვით იყო.
მარლერმა ამ მომენტის შესახებ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო და ის თავით თამაშზე აქტიურად ვარჯიშობდა.
"შემთხვევითი არ იყო, ამაზე დენ კოულთან და ჯეიმი ჯორჯთან ერთად ვვარჯიშობდი. დიდი ინსპირაცია მივიღე რობერტო დე ძერბისა და ბრაიტონისგან, რომლებმაც იუნაიტედი გაანადგურეს", - აღნიშნა ჯო მარლერმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიო თასზე ორიდან ორი მოგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს ჩილეს წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები