- 📅 19 სექტემბერი | 🏟 სან სირო | ⌚ 20:45 | ⚽ მილანი V ნიუკასლი
- მილანს ინტერთან მძიმე მარცხის დავიწყება სურს
- "სან სიროზე" სანდრო ტონალის დაბრუნება ცალკე ინტრიგაა
- ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაში 20 წლის მერე თამაშობს
- ყველაფერი, რაც ამ მატჩზე უნდა იცოდეთ
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირი ბრუნდება და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო მატჩებს გვპირდება.
პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი კი მილანში გაიმართება, სადაც მილანი ნიუკასლ იუნაიტედს უმასპინძლებს. გასული სეზონის ნახევარფინალისტი კლუბის წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგას 20-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, თუმცა, დიდი ამბიციებით. თავიდანვე უნდა ვთქვათ, ეს მატჩი პრაქტიკულად გადამწყვეტია, რადგან ისინი ე.წ. სიკვდილის ჯგუფში არიან (დორტმუნდი და პსჟ-ც აქაა), შესაბამისად, ყოველ ტურში თითოეულ ქულას ძალიან დიდი ფასი ექნება. არავინ იცის, როდის იჩენს თავს თუნდაც პირველ ტურში დაკარგული ქულები.
მილანი ჩემპიონთა ლიგის სტარტს კარგ ხასიათზე ნამდვილად ვერ ხვდება. სერია A-ში ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ "როსონერიმ" მილანურ დერბიში ინტერთან უმძიმესი მარცხი იწვნია - 1:5. ეს დერბი დელა მადონინაში მილანისთვის 2009 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია. საერთოდ, წელს 5-დან 5 მარცხი განიცადა ინტერთან (1:12), რითაც ანტირეკორდი დაამყარა. ერთი მხრივ, მილანი ვერ არის იდეალურ განწყობაზე, მეორე მხრივ, ძალიან მოტივირებული უნდა იყოს, რათა რეაბილიტირება მოახდინოს.
სხვათა შორის, ინტერთან მარცხის შემდეგ და ნიუკასლთან მატჩის სამზადისში მილანს მილანელოს ბაზაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ესტუმრა. იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ შვედის მოულოდნელი სტუმრობა ყოფილი თანაგუნდელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკეთებას ემსახურება.

ნიუკასლი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში 1997/98 და 2002/2003 წლების სეზონების გარდა, არასდროს უთამაშია, სეზონის იდეალური სტარტით ვერ გამოირჩა. ედი ჰაუს გუნდმა ასტონ ვილასთან პირველ ტურში ფეერიული 5:1-ის მერე ზედიზედ 3 თამაში წააგო. თუმცა, ბოლო ტურში ბრენტფორდთან მძიმე 1:0-ით განწყობა გამოისწორა. ცხადია, "კაჭკაჭებს" არ აქვთ ჩემპიონთა ლიგის დიდი გამოცდილება, ეგ კი არა, ევროთასებზეც 10-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ.
მილანი-ნიუკასლის თამაშს ინტრიგად სანდრო ტონალის ფაქტორიც გასდევს: იტალიელი ნახევარმცველი, რომელიც ბავშვობიდან მილანის ქომაგი იყო, "როსონერიში" 3 სეზონი გაატარა და გუნდის ლიდერად იქცა, მაგრამ გასულ ზაფხულს 80 მილიონ ევროდ ნიუკასლში გაყიდეს. სანდროს არ სურდა საყვარელი კლუბის დატოვება, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. მილანის ბოსებმა მისი გაყიდვით გამომუშავებული ფულით რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინეს, რითაც სტეფანო პიოლის გასული სეზონის პრობლემა მოუგვარეს - მოკლე სათადარიგო სკამი.

რა თქმა უნდა, სანდრო ტონალის "სან სიროზე" დაბრუნება ძალიან საინტერესოა. მას ალბათ, ადგილობრივი პუბლიკა ტაშით დახვდება, რადგან ტონალის წასვლაში ტიფოზები კლუბს ადანაშაულებენ და არა ფეხბურთელს. იტალიელი ნიუკასლშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა, ედი ჰაუ მას მუდმივად ათამაშებს და უკვე გოლის გატანაც მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო შედეგიანობით გამორჩეული ნახევარმცველი ნამდვილად არ არის, სადებიუტო მატჩში ასტონ ვილასთან თავი გამოიჩინა.
სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "ნიუკასლი კლასიკური ინგლისური გუნდია, დიდი ინტენსივობით და პრესინგით თამაშობს, ფიზიკურად ძლიერები არიან. 5-ზე მეტი მოთამაშე ჰყავთ, რომელთა სიმაღლე 1.90 სმ-ზე მეტია, ძალიან სახიფათონი არიან სტანდარტულ მდგომარეობებზეც. ზლატანი მილანელოზე პარასკევს, დერბის წინ უნდა მოსულიყო, მაგრამ მოულოდნელად საქმე გამოუჩნდა, ამიტომ დღეს მოვიდა. ინდივიდუალურად ისაუბრა ბიჭებთან, გაგვიხარდა მისი ნახვა. დერბიში მარცხის სიმძიმეს ვგრძნობ, რომ შემეძლოს, ამ შედეგის შესაცვლელად ყველაფერს გავიღებდი, გულშემატკივრებთან ვალში ვარ. ტონალის დიდი სიყვარულით ჩავეხუტები, მისთვის "სან სიროზე" დაბრუნება საინტერესო იქნება და საუკეთესოს ვუსურვებთ, ოღონდ, მომდევნო მატჩიდან".
საინტერესო ფაქტები
🟠 ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
🟠 მილანს ინგლისურ კლუბებთან ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს (2 ფრე, 8 წაგება). თუმცა, ეს გამარჯვება მიმდინარე წლის თებერვალში ტოტენჰემთან იყო. მეორე მხრივ, "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგაში მილანმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი არამილანური გუნდის წინააღმდეგ (4 მოგება).
🟠 ნიუკასლმა იტალიურ კლუბებთან ბოლო 4 თამაშიდან ერთხელ წააგო (2 მოგება, 1 ფრე).
🟠 ნიუკასლს ჩემპიონთა ლიგაში სულ 2-ჯერ აქვს ფრე ნათამაშები, მათ შორის, ერთხელ "სან სიროზე". 2003 წლის 11 მარტს "კაჭკაჭები" ალან შირერის დუბლით ინტერს დაუზავდნენ (2:2) - 7 მოგება, 9 წაგება (სტატისტიკაში არ შედის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები).
🟠 ნიუკასლი ევროთასებზე 2012/13 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. მაშინ ინგლისური კლუბი ევროპალიგის მეოთხედფინალში ბენფიკასთან დამარცხდა (1:1, 1:3).
🟠 მილანი გასულ სეზონში ორ ინგლისურ კლიბს შეხვდა: ჯგუფში ჩელსისთან ორივე თამაში წააგო, მერვედფინალში კი ტოტენჰემს აჯობა (1:0, 0:0).
🟠 ჩემპიონთა ლიგაში მილანის ბოლო 5 საშინაო მატჩში თამაშს იგებდა ის გუნდი, რომელიც ანგარიშს ხსნიდა, თანაც გოლგაუშვებლად.
🟠 მილანის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ნიუკასლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): მენიო - კალაბრია, ტომორი, კიაერი, ტეო ერნანდესი - ლოფტუს-ჩიკი, კრუნიჩი, რეინდერსი - პულიშიჩი, ჟირუ, ლეაო.
ტრავმა: კალულუ, ბენასერი.
ნიუკასლი (4-3-3): პოუპი - ტრიპიერი, შერი, ბოტმანი, ბერნი - ტონალი, გიმარაეში, ლონგსტაფი - ალმირონი, ისაკი, გორდონი.
ტრავმა: ვილოკი, კრაფტი, ჟოელინტონი.
კომენტარები