Thumbnail
  • პორტუგალიელ ვარსკვლავს ხალიჩა გადასცეს და SIM-ბარათსაც შეპირდნენ
  • გიორგი გველესიანის პერსეპოლისი ალ ნასრს 19 სექტემბერს უმასპინძლებს

კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრი ირანშია ჩასული და 19 სექტემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურის ეგიდით გიორგი გველესიანის პერსეპოლისს უნდა ეთამაშოს, მანამდე კი, ძვირფას პორტუგალიელ სტუმარს საჩუქრებით დახვდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, რონალდოს თეირანში ასობით ქომაგი შეეგება, რომლებმაც საუდის არაბეთის კლუბის ავტობუსს დიდი ხანი სდიეს, კრიშტიანოსთან შესახვედრად კი, ირანული კლუბის წარმომადგენლებიც განსაკუთრებით მოემზადნენ.

პერსეპოლისის ხელმძღვანელობა რონალდოს აეროპორტშივე მიეგება და პატივისცემის ნიშნად ძვირფასი ხალიჩა გადასცა, კლუბის პრეზიდენტმა რეზა დარვიშმა კი კიდევ ერთი დაპირება გასცა.

"უკვე ვესაუბრე Irancell-ის გენერალურ დირექტორს და გვინდა ალ ნასრის ფეხბურთელებს SIM-ბარათები გადავცეთ, რომელთაც ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა ექნებათ. სტუმრები ბარათებით ირანში ჩამოსვლის დღიდან გამგზავრებამდე ისარგებლებენ".

კრიშტიანო რონალდო აეროპორტშივე დაასაჩუქრეს

ირანში გლობალურ ინტერნეტში მასობრივი ჩართულობა არ არსებობს, ათეულობით ვებ-გვერდი კი, უბრალოდ დაბლოკილია, ამდენად, რონალდოსა და მის თანაგუნდელებს აღნიშნული საჩუქარი უდავოდ გაახარებდათ.

შეგახსენებთ, რომ გველესიანის პერსეპოლისი და ალ ნასრი აზიის ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ალ დუჰაილი (კატარი) და ისტიკლოლიც (ტაჯიკეთი) ეყოლებათ.

32 წლის ქართველი მცველი ირანში 2017 წლიდან თამაშობს. ის თავიდან ზობ აჰანის წევრი იყო, მერე – ნასაჯისა და სეპაჰანის, ხოლო პერსეპოლისში, რომელიც ირანის ყველაზე პოპულარული გუნდია, 2022 წლიდან ირიცხება.

გიორგისა და მის კლუბს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდათ: ირანის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგეს, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა დიდი წვლილი შეიტანა: ირანის ჩემპიონატში 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა. გველესიანს სამშობლოში დინამო თბილისში აქვს ნათამაშები, ივნისში კი საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

კომენტარები

ბოლო ამბები