- რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლისთვის აკრიტიკებენ
- 'რა დაემართა კვარას?' - LA GAZZETTA DELLO SPORT პასუხის მოძებნას შეეცადა
ჯენოასთან შეცვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას რუდი გარსიასადმი ჟესტს იტალიაში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა.
ამჯერად კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა ფურიო ფოკოლარიმ და ყოფილმა მენეჯერმა და აგენტმა, ენრიკო ფედელემ. ორივე დარწმუნებულია, რომ დამნაშავე რუდი გარსიაა. მეტიც, ფედელეს აზრით, ფრანგი სამსახურიდან რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ, სანამ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.
ფურიო ფოკოლარი (ჟურნალისტი): "ნაპოლიში სერიოზული განგაშია, მაგრამ რას ელოდნენ გულშემატკივრები? წავიდა სპალეტი, რომელმაც გუნდი გარდაქმნა, წავიდა ჯუნტოლი, რომელიც კლუბისთვის ფუნდამენტური იყო, წავიდა კიმი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და ის არც შეცვალეს. მოვიდა გარსია, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია. ძერბინი-კვარაცხელიას ცვლილება სიგიჟე იყო, ისევე, როგორც მწვრთნელის მატჩისშემდგომი განცხადებები. კვარა და გუნდის სხვა ლიდერები თავს ობლად გრძნობენ, მათი ურთიერთობა სპალეტისთან სიმბიოზური იყო და გარსიას მიმართ ჟესტი მრავლისმთქმელია. ის ამას სპალეტის არასდროს გაუკეთებდა".
ენრიკო ფედელე (ყოფილი მენეჯერი): "გარსია არასდროს ყოფილა დიდი ფეხბურთელი და მას არ შეუძლია კვარაცხელიას დიდი ნიჭის დანახვა. ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთში მხოლოდ ტაქტიკაა მნიშვნელოვანი, შეიძლება ვერც გაიგოს, რომ თუ მოედანზე კვარაცხელია გყავს, არ უნდა შეცვალო, რადგან ის იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, ვისაც რაღაცის გამოგონება შეუძლია. გარსია ინტერის რაფაელ ბენიტესს ჰგავს, როდესაც ესპანელმა მოურინიო შეცვალა. ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ, რაც უფრო დაგვიანდება ეს, პრობლემები უფრო გაღრმავდება, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა დაითხოვონ".
ვალტერ ნოველინო (მწვრთნელი): "ასეთი რამ ხდება, ის გუნდის ლიდერია. თუმცა, მასაც უჭირს ფიზიკური თვალსაზრისით. გაბრაზება ფეხბურთის ნაწილია, ამისგან პოლემიკის შექმნა არ ღირს".
გაეტანო იმპარატო (ჟურნალისტი): "ჩემი აზრით, მან ამ ცვლილებით ქართველს ნიშანი მისცა, რადგან შესაძლოა ჩათვალა, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც მისგან გარსია ითხოვს. ჩემთვის ეს არის მესიჯი ფეხბურთელისთვის, რათა ყველამ გაიგოს, ვინ არის გუნდში ხელმძღვანელი".
ჯოვანი სკოტო (ჟურნალისტი): "კვარაცხელიას შეცვლა შეიძლება, მაგრამ მწვრთნელმა მოტივი არასწორად ახსნა, რადგან ახლა მთავარი არა სხვა ფეხბურთელების სათამაშო წუთებით დაჯილდოება, არამედ საუკეთესო მოთამაშეების მინდორზე ყოფნა და მატჩების მოგებაა. კვარას რეაქცია მაინც გასაკვირი იყო, წარსულში ასეთი საქციელი არასდროს გამოუჩენია, მანამდე მსგავსი არაფერი მომხდარა".
სანდრო საბატინი (ჟურნალისტი): "ყველაზე შემაშფოთებელი კვარაცხელიას ბოლო 6 წუთით შეცვლა კი არა, არამედ მისი ჟესტია. ეს აჩვენებს მწვრთნელისადმი ნდობის ნაკლებობას".
რიკარდო ტრევიზანი (ჟურნალისტი): "კვარას ჩავარდნა გასული სეზონის ბოლოსაც ჰქონდა. ობიექტური ფაქტი ახლა ისაა, რომ ანგისა და ლობოტკა სპალეტის გარეშე დაუბრუნდნენ თავიანთ რეალურ დონეს".
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
კომენტარები