Thumbnail

ჯენოასთან შეცვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას რუდი გარსიასადმი ჟესტს იტალიაში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთა, ჟურნალისტებმა თუ ვეტერანმა ფეხბურთელებმა. იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალდო სერენა კი, ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე გავლენას კონტრაქტის საკითხიც ახდენს, რომელიც ჯერ კიდევ არ გახანგრძლივებულა.

"კვარაცხელიას და ოსიმენის კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხი ისევ ღია რომ არის, მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. ქართველს საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასი აქვს, არადა, ტოპ-ფეხბურთელია, ერთ-ერთი მათგანი, ვინც აღფრთოვანებას იწვევს, ის მოედანზე ფანტაზიას აფრქვევს", - თქვა სერენამ.

გარსიას გადაწყვეტილებაზე, კვარაცხელია ალესიო ძერბინით შეეცვალა, კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ნაპოლის ყოფილმა მცველმა ფაბიანო სანტაკროჩემ:

"გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ვერ ვიპოვე მიზეზი ამ ცვლილების ასახსნელად. თამაშში ლინდსტრომი რომ ჩაერთო, სხვაგვარად ვიფიქრებდი. ნებისმიერ შემთხვევაში, 2:2-ზე გუნდს თამაში მოსაგები ჰქონდა და ქართველი ასეთ დროს არ უნდა შეცვალო, თუნდაც მას ცუდი თამაში ჰქონდეს, რადგან მყისიერად შეუძლია გაბრწყინება და მატჩის ბედის გადაწყვეტა".

ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები