Thumbnail
  • ჯაბა ჯიღაურის ნასაფმა ინდურ მუმბაი სიტის მოიგო
  • თომა ტაბატაძემ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს გაუტანა

18 სექტემბერს სტარტი აიღო აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებამ, რომელშიც 4 ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის პრიველ დღეს ჯაბა ჯიღაურის ნასაფმა და თომა ტაბატაძის ნავბაჰორმა ითამაშეს - პირველმა მოიგო, მეორეს, კი ქულა ქართველმა ფორვარდმა მოუტანა. 

უზბეკური ნასაფი იორდანიულ ალ ფაისალის გასვლაზე დაუპირისპირდა და მეტოქე 97-ე წუთზე ზაფარმუროდ აბდულრახმატოვის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ჯაბა ჯიღაური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა და შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა. ამ მოგებით ნასაფი ჯგუფის ლიდერი გახდა, რადგან ალ სადმა და შარჯაჰმა ფრედ, 0:0 ითამაშეს. ჯიღაურის გუნდი მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს, სახლში, ალ სადის წინააღმდეგ გამართავს. 

კიდევ ერთი უზბეკური გუნდი ნავბაჰორი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ალ ჰილალს საუდის არაბეთში შეხვდა. სტუმართა ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ნავბაჰორის რიგებში ერთადერთი გოლი, სწორედ თომა ტაბატაძემ შეაგდო - თავდამსხმელი ალ ჰილალის მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და უშეცდომოდ დაარტყა.

მასპინძელთა რიგებში ნეიმარი, ალეკსანდრ მიტროვიჩი, მალკომი, რუბენ ნევეში თამაშობდნენ, თუმცა გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე მცველმა, ალი ალ ბულაიჰიმ შეძლო და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 60-ე წუთზე მატჩის მთავარ არბიტრს ნეიმარის მოედნიდან გაძევება შეეძლო, თუმცა ბრაზილიელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა - “ნეიმ” წაქცეულ მეტოქეს ბურთი სპეციალურად გაარტყა… ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირანულმა ნასაჯიმ გასვლაზე მუმბაი სიტი 2:0 დაამარცხა. ნავბაჰორი მომდევნო შეხვედრას ინდურ გუნდთან საკუთარ მოედანზე გამართავს. 

19 სექტემბერს გამართავს საკუთარ მატჩს გიორგი გველესიანის პერსეპოლისი. ირანის ჩემპიონის მეტოქე კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრი იქნება. მატჩი თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება და მას “აზადის” სტადიონი უმასპინძლებს. 

ასევე, 19 სექტემბერს ითამაშებს ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაი. კორეული გუნდი საკუთარ მოედანზე ტაილანდურ პათუმ იუნაიტედს შეხვდება. თამაში თბილისის დროით, 14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები