Thumbnail

NBA | ფილადელფიამ კელი უბრე აიყვანა, ჰარდენზე ისევ კითხვის ნიშნებია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თავისუფალ აგენტებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშე იყო
  • შარლოტმა კელი უბრეს კონტრაქტი არ შესთავაზა და ფილამ ამით ისარგებლა

კელი უბრე უმცროსმა, როგორც იქნა, ახალი გუნდი იპოვა. ფორვარდი, რომელიც ბოლოს შარლოტ ჰორნეტსში თამაშობდა, ფილადელფია სიქსერსმა აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN-ის ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ გაავრცელა. 

უბრე თავისუფალ აგენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კალათბურთელი იყო. დერეკ ბოდნერის (PhlySports) ინფორმაციით, ის მინიმალურ კონტრაქტს აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს. 

ფილადელფიას ახალწვეული პრესეზონზე საშუალოდ 20,3 ქულას და 5,2 მოხსნას აგროვებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შარლოტისგან ახალი წინადადება არ მიიღო.

27 წლის უბრემ ჰორნეტსში მხოლოდ 2 წელი გაატარა, მანამდე კი ვაშინგტონში, ფინიქსსა და გოლდენ სტეიტში თამაშობდა. მისი აყვანის შემდეგ ფილადელფიას შემადგენლობა ახალი სეზონისთვის შეიძლება დაკომპლექტებულად ჩაითვალოს - მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო ჯეიმს ჰარდენზე ჯერ კიდევ უდიდესი კითხვის ნიშნებია.

უბრე ფილადელფიაში როტაციის კალათბურთელი იქნება, რადგან ტობიას ჰარისს და პი ჯეი ტაკერს სასტარტო ხუთეულში ადგილი გარანტირებული აქვთ. 27 წლის ახალწვეული თავისი წუთებისთვის დანუელ ჰაუსთან, ფურკან ქორქმაზთან და დეანტონი მელტონთან ერთად იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები