Thumbnail
  • ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში გამოსვლას სტუმრად ბრაგასთან მატჩით დაიწყებს
  • პორტუგალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა 

იტალიის ჩემპიონი ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას 20 სექტემბერს დაიწყებს, როდესაც პირველ ტურში სტუმრად ბრაგას დაუპირისპირდება. პორტუგალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არტურ ჟორჟემ Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და კვარაცხელიაც ახსენა. 

51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. არტურ ჟორჟე ამბობს, რომ იტალიის ჩემპიონების შიში არ აქვთ.

"ამბიციურები ვართ. მიყვარს შემტევი ფეხბურთი და თამაშის გაკონტროლება. შარშან ყველა ტურნირში ასზე მეტი გოლი გავიტანეთ, ჩემპიონატი კი 78 ქულით დავასრულეთ. მეომრების გუნდს გვიწოდებენ და ეს მომწონს. ეს ჩვენს მენტალიტეტზეც კარგად მეტყველებს - შიში არავისი გვაქვს და თავაწეულები ვართ", - აქვეყნებს მწვრთნელის სიტყვებს იტალიური მედია.

ხვიჩას და რუდი გარსიას ბრაგაში იოლი გასეირნება არ ელით

არტურ ჟორჟეს იმის შესახებაც ჰკითხეს, საშუალება რომ ჰქონდეს, რომელ ფეხბურთელს აიყვანდა ნეაპოლელთა რიგებიდან.  
 
"კვარაცხელიას. ის არაპროგნოზირებადია. თუმცა, ნაპოლი მხოლოდ კვარა და ოსიმენი არაა", - თქვა ბრაგას თავკაცმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ თუკი ნეაპოლელთა დამარცხებას შეძლებს, წარმატებას ველოსიპედით გასეირნებით აღნიშნავს. 

ნაპოლისა და მის ქართველ შემტევს, რომელიც 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ახალი სეზონის სტარტი ისეთი წარმატებული ვერ გამოუვიდათ, როგორსაც მათგან ელოდნენ. რუდი გარსიას გაწვრთნილმა გუნდმა სერია A-ს პირველ ოთხ ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა, ხვიჩამ კი 3 შეხვედრაში 1 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები